საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელმა საქართველომ უმძიმესი კატასტროფები გადაიტანა: შიდა ქართლის და აფხაზეთის 1989-1993 წლების სეპარატისტული ომების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა მისი სუვერენული ტერიტორიის ერთ მეხუთედზე. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზანი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო, North Atlantic Treaty Organization, NATO) და ევროკავშირში გაწევრიანება, არასდროს ყოფილა ასე შორს, როგორც ახლა.
საქართველოს გეოპოლიტიკურმა კატასტროფებმა ლომის წვლილი შეიტანეს ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებაში. ომებმა გააჩანაგა ქვეყნის ინფრასტრუქტურა და გააუარესა ისედაც მძიმე ეკონიმიკური მდგომარეობა, რასაც ქვეყანაში ბუნებრივად პოლიტიკური დესტაბილიზაციის გაღრმავება მოჰყვა. მუდმივმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია მოსახლეობის მასობრივი გადინება საქართველოდან, რამაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის პირას მიიყვანა.
მაინც, რამ გამოიწვია ქართული საგარეო პოლიტიკის ასეთი სერიოზული მარცხი?
მარცხის მიზეზი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი აგრესიული და დაუნდობელი ჩრდილოელი მეზობელი ან ზოგადად ჩვენი გეოპოლიტიკურად არასტაბილური რეგიონი არ ყოფილა. წარუმატებლობის მიზეზები მნიშვნელოვანწილად ქართულ პოლიტიკურ მმართველ ელიტებში და მათ მიერ ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკურ ტაქტიკაში უნდა ვეძიოთ. ქართული ფსევდო-ელიტების მიერ ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკას ოთხი უმთავრესი პრობლემა ახასიათებს, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა ქართულ გეოპოლიტიკურ კატასტროფებში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე.
პირველი პრობლემა გახლავთ მტრის ძალის შეუფასებლობა. კერძოდ, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტები, საკუთარი არაკომპეტენტურობის და ინტელექტუალური რესურსების ნაკლებობის გამო, 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული დღემდე სრულად ვერ აფასებენ მტრის, ანუ ამ შემთხვევაში რუსეთის, ძალას და შესაძლებლობებს. შესაბამისად, ქართული ელიტები თავის თავს და ქართველ საზოგადოებას მუდმივად კვებავენ აზრით, რომ რუსეთი სუსტი, დაუძლურებული სახელმწიფოა. ამ აზრში შესაძლებელია იყოს სიმართლის მცირეოდენი მარცვალი, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ელიტებს ავიწყდებათ, რომ რუსეთი სუსტია არა კიდევ უფრო სუსტ და პატარა საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ დასავლეთთან შედარებით.
როგორც ძველი ფრთოსანი გამოთქმა ამბობს, „რუსეთი არასდროს არის ისეთი ძლიერი, როგორც გამოიყურება, და არასდროს არის ისეთი სუსტი, როგორც ჩანს". გარდა ამისა, რუსეთის სისუსტე დასავლეთთან მიმართებაში არასრულია. კერძოდ, სრული ჭეშმარიტებაა, რომ რუსეთი მატერიალურ-ტექნიკური განვითარებით დასავლეთის სამყაროს - ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს - ჩამორჩება და ისტორიულად ყოველთვის ჩამორჩებოდა. მაგრამ, რუსეთის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისა და საზოგადოების ძლიერების და სისუსტის მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური განვითარების დონით გაზომვა მცდარია. შესაბამისად, მცდარია რუსეთის ძლიერების და სისუსტის მხოლოდ მისი მატერიალურ-ტექნიკური განვითარების დონით განსაზღვრა. რუსეთი და რუსული საზოგადოება საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ჩამორჩენილობის კომპენსაციას მუდამ ახდენდა და ახდენს გამაოგნებელი გამძლეობის უნარით და საერთო ეროვნული მიზნისა და იდეებისადმი თითქმის ფანატიკური ერთგულებით. ამ მიზნისა და იდეების სამსახურში რუს საზოგადოებას შეუძლია აიტანოს ნებისმიერი სახის მატერიალური გაჭირვება და გაიღოს ნებისმიერი მასშტაბის ადამიანური მსხვერპლი. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა დაღუპულთა სახით დაკარგა 27 მილიონი ადამიანი, შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (აშშ-მ) მეორე მსოფლიო ომში სულ დაკარგა 400 000 ადამიანი, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა 388 000 ადამიანი.
მსოფლიო პოლიტიკის დაუნდობელ მორევში მსხვერპლის გაღების უნარი რუსეთის უპირატესობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი იყო და ეს ამჟამადაც ასე რჩება. მსგავსი მსხვერპლის გაღება დასავლეთის ლიბერალ-დემოკრატიულ, ღია საზოგადოებებს არ ძალუძთ. მაგალითისთვის ერაყის უკანასკნელი ომიც გამოდგება. 2003 წლიდან მოყოლებული აშშ-მ ერაყის ომში დაღუპულთა სახით 4 326 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა, რასაც შედეგად ამერიკულ საზოგადოებაში შოკი, ომისადმი ფართომასშტაბიანი პროტესტი და საბოლოოდ ერაყიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანა მოჰყვა. შედარებისათვის, რუსეთმა, ოფიციალური მონაცემებით, 1994 წლიდან ჩეჩნეთის ორივე ომში დაკარგა 10 000 ჯარისკაცი, ხოლო დამოუკიდებელ ექსპერტთა მიხედვით 40 000-მდე ჯარისკაცი. მიუხედავად ამგვარი მსხვერპლისა და პირველ ჩეჩნურ ომში სამარცხვინო დამარცხებისა, რუსეთმა მაინც მოძებნა იმის ფიზიკური და მორალური ძალები, რომ მეორე ომში ჩეჩნური წინააღმდეგობა გაეტეხა და ჩეჩნეთზე კონტროლი აღედგინა.
მტრის შეუფასებლობა მასთან უდავო დამარცხების საწინდარია. საუბედუროდ, საქართველოს მმართველი წრეების მიერ არავინ არის ისე ცუდად შესწავლილი, როგორც რუსეთი და რუსი საზოგადოება. საინტერესოა, რომ ქართველი ფსევდო-პოლიტიკოსები საკუთარ თავს არასოდეს ეკითხებიან, როგორ გახდა მოსკოვი, აღმოსავლეთ ევროპის სტეპების პერიფერიაზე მიკარგული ტალახში ჩაფლული, ხის გალავნიანი სოფელი კონტინენტალური იმპერია, რომელსაც დღეს რუსეთად ვიცნობთ.
თავის არსებობის მანძილზე მოსკოვის სამთავრომ და შემდეგ რუსეთის იმპერიამ განვლო ტერიტორიული ექსპანსიის რვა საუკუნოვანი სისხლიანი გზა. ამ პროცესში რუსეთმა გაანადგურა და პირისაგან მიწისა აღგავა ევრაზიის კონტინენტის მთელი რიგი ხალხები და კულტურები და განადგურების პირას მიიყვანა არა ერთი ძლევამოსილი სახელმწიფო და იმპერია, მათ შორის ყაზანის და ყირიმის სახანოები, პოლონურ-ლიტვური სახელმწიფო გაერთიანება „რეჩ პოსპოლიტა," შვედეთის და ოსმალეთის იმპერიები და ლომის წვლილი შეიტანა მე-19 საუკუნეში ნაპოლეონის, ხოლო მე-20 საუკუნეში ჰიტლერის ნაცისტური იმპერიების დამარცხება-განადგურებაში. მე-18-20 საუკუნეებში რუსულმა ჯარებმა ორჯერ აიღეს ბერლინი (1763 და 1945 წლებში), ერთხელ პარიზი (1814 წელს), ექვსჯერ დაამარცხეს ოსმალეთის იმპერია და რამდენჯერმე აღებით დაემუქრნენ სტამბოლს (კონსტანტინოპოლს).
ქართული პოლიტიკური ელიტების მიერ მტრის ძალის შეუფასებლობას თან ახლავს საკუთარი ქვეყნის ძალების აბსოლუტურად არარეალური, გადამეტებული წარმოდგენა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ლიდერების რიტორიკა უფრო ჰგავს მსოფლიოს რომელიმე წამყვანი სახელმწიფოს მეთაურის რიტორიკას, ვიდრე ტერიტორიულად დაშლილი, ეკონომიკურად გაღატაკებული, სამხედრო თვალსაზრისით თავდაცვისუუნარო და დემოგრაფიული კატასტროფის პირას მყოფი ქვეყნისას, რომლის არსებობა წლიდან წლამდე სასწორზე დევს.
***
ქართული საგარეო პოლიტიკის მეორე უმთავრესი პრობლემა, გარეშე, კერძოდ დასავლურ პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებაზე გადამეტებული, ყოვლად არარეალური იმედების დამყარებაა. საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში - NATO-სა და ევროკავშირში - გაწევრიანებას და დასავლურ სამყაროსთან კავშირს, ალტერნატივა არ აქვს. საქართველო ევროპული პოლიტიკურ-კულტურული სამყაროს განუყოფელი ნაწილია და მისი ადგილი იქ არის. ჩვენ არ ვეკუთვნით რუსულ სამყაროს. რუსული სამყარო ჩვენთვის უცხოა და იქ საქართველო ძალადობრივად, ისტორიული ბედუკუღმართობის გამო მოხვდა. მაგრამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში რომ გავწევრიანდეთ, ჯერ ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ, თორემ თუ დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში საქართველო ფიზიკურად დაიღუპა, გასაწევრიანებელი აღარაფერი დაგვრჩება.
საუბედუროდ, 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს მმართველმა წრეებმა დასავლეთის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის თემა სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში აიყვანეს. ნებისმიერი მაღალი თუ საშუალო რანგის დასავლელი პოლიტიკოსის, დიპლომატის, თუ ბიუროკრატის თითოეული წინადადება და თვით სიტყვა, ნებისმიერი, ხშირად უმნიშვნელო პოლიტიკური ორგანოსა თუ ინსტიტუტის მიერ მიღებული ხშირად არაფრის მომცემი დეკლარაცია და მისი ყოველი აბზაცი, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში მისხალ-მისხალ, ლამის პათოლოგიური სკრუპულოზურობით ანალიზდება, რასაც თან მოსდევს ქართული სატელევიზიო არხების მიერ მრავალდღიანი სჯა-ბაასი, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის განცხადება საქართველოსთვის. ეს არაფრის მომცემი განსჯა უმეტეს შემთხვევაში მთავრდება მცდარი დასკვნით, რომ საქართველო დასავლეთის სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი აშშ-სთვის, უმთავრესი პრიორიტეტია და საქართველო მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირველ პლანზე დგას. ამგვარ მცდარ დასკვნებს ასევე ხშირად ახლავს პათეტიკური მოწოდებები, რომ საქართველომ დასავლეთის საგარეო პოლიტიკის მეორე პლანზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაინაცვლოს.
სამწუხარო პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო და საერთოდ კავკასიის რეგიონი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში პირველ პლანზე არასოდეს მდგარა. ამგვარ ილუზიას 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ფსევდო-ელიტები ქმნიდნენ, რომლებიც საქართველოზე ამერიკის ყურადღებასა და მხარდაჭერაზე სპეკულაციით საკუთარი სუსტი შიდა პოლიტიკური ლეგიტიმურობის გამყარებას ცდილობდნენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია თუნდაც 2009 წლის იანვრის „აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია" რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, დიპლომატიის და უშიშროების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. მიუხედავად ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებისა, რომ ეს არ იყო ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობის ხელშეკრულება, ქართული მხარე მაინც დაჟინებით იმეორებდა, რომ საქართველო ამ ხელშეკრულებით აშშ-ის მოკავშირე ხდებოდა. აშკარა იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომლის შიდა პოლიტიკური ლეგიტიმურობა 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთთან კატასტროფული მარცხის შემდეგ საფუძვლიანად შერყეული იყო, საგარეო დახმარების ილუზიის საფარქვეშ საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობდა.
დასავლეთის დახმარებაზე ჩვენი გადამეტებული იმედების დამყარება ჩვენი მხრიდან არა მარტო უგუნურება, არამედ უსამართლობაც არის. ის უგუნურება და უსამართლობაა, რადგან საქართველოს დაცვას არავინ დაპირებია და უფრო მეტიც, ეს დასავლეთს არც ევალება. საქართველოს არ არის დასავლეთის მოკავშირე ქვეყანა, რომელიც ჩვეულებრივ თავდაცვის გარანტიებს ითვალისწინებს. საქართველო მხოლოდ არის დასავლეთის პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მოკავშირეობასთან შედარებით ურთიერთობის გაცილებით დაბალი საფეხურია. უფრო რომ გავამარტივოთ, დასავლეთის პარტნიორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დასავლეთის მტერი არ არის.
ასევე აუცილებელია, ქართულმა ფსევდო-ელიტებმა და მთელმა ქართველმა საზოგადოებამ სრულად გაიაზროს და გაითავისოს, რომ საქართველო არ არის და არასოდეს ყოფილა, აშშ-ის და საერთოდ დასავლეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და შესაბამისად, მის დახმარებაზე გადამეტებული იმედების დამყარება, რბილად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. საგარეო დახმარების ილუზიის ქონა სულაც არ არის უვნებელი ჩვევა, რადგან მას ყოველთვის მოსდევს იმედგაცრუება, იმედგაცრუებას კი საზოგადოების დემორალიზაცია და საერთო საბრძოლო სულისკვეთების დაცემა. ამიტომ, მსგავსი ილუზიებისაგან გათავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია.
რა თქმა უნდა, პატარა ქვეყნისთვის დიდი სახელმწიფოების, განსაკუთრებით აშშ-ის მსგავსი ზესახელმწიფოს მხარდაჭერა, სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. ამაზე არავინ დავობს. მაგრამ შეუძლებელია, სახელმწიფომ და ერმა, მისი ყოველი ნაბიჯი იმით განსაზღვროს თუ რამდენად არის იგი დიდი ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პირველ პლანზე. ეს არის დამანგრეველი ჩვევა და სტრატეგია, რომელიც ქვეყანას არასოდეს საშუალებას არ მისცემს საკუთარი არსებობის შენარჩუნებისათვის რაიმე ქმედითი და ღირებული გააკეთოს. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმაში უნდა ვეძიოთ, რომ საქართველოს ფსევდო-ელიტები დაავადებული არიან ეროვნული არასრულფასოვნების მძაფრი კომპლექსით, რომლითაც მათ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილიც დააავადეს. საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, უბრალოდ არ სჯერათ, რომ საქართველომ თავისით, დამოუკიდებლად რაიმე შეძლოს.
***
მესამე პრობლემა, რომელიც ქართულ საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას ახასიათებს არის ილუზია, რომ დღევანდელი რუსეთი დაიშლება და თანაც საკმაოდ მალე. ამ მხრივ ქართული ფსევდო-ელიტები კერძო საუბრებში ხშირად პარალელებს საბჭოთა კავშირთან ავლებენ. მართლაც ჩვენი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხშირად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ პერსპექტივად, საბჭოთა კავშირის მსგავსად დღევანდელი რევანშისტული რუსეთის დეზინტეგრაციაღა რჩება. პრობლემა ის გახლავთ, რომ რუსეთის დეზინტეგრაცია უაღრესად სათუო მოვლენაა. ისტორიული პარალელების, მათ შორის საბჭოთა კავშირთან ისტორიული პარალელების გავლება კი ყოველთვის მაცდური პრაქტიკაა, მაგრამ არა ყოველთვის ლოგიკური. ქართული პოლიტიკური ელიტები საბჭოთა იმპერიის დაშლის მიზეზებად რამდენიმე ფაქტორს ხედავენ: საბჭოთა სისტემის ღრმა კორუმპირებულობა; ავღანეთში ხანგრძლივი, წარუმატებელი ომი; უზარმაზარი სამხედრო ხარჯები და 1980-იან წლებში ნავთობზე ფასების კატასტროფული ვარდნა. ისინი თვლიან, რომ დღევანდელი რუსეთიც ზუსტად იმავე პრობლემების წინაშე დგას: თანამედროვე რუსული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა უაღრესად კორუმპირებულია; რუსეთი უკრაინაში ჩართულია სისხლისმღვრელ ომში, რომელსაც ბოლო არ უჩანს; სულ უფრო იზრდება რუსეთის სამხედრო ხარჯები და მსოფლიოში კატასტროფულად დაეცა ნავთობის ფასი.
წარსულის უფრო ახლო ანალიზი გვიჩვენებს, რომ აქ მოყვანილი პარალელები არც ისე ზუსტია. კერძოდ, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა (მაგალითად, სტალინის ეპოქა) რუსული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა ყოველთვის ღრმად კორუმპირებული სისტემა იყო, თუმცა ეს იმპერიის დაშლის პირდაპირი მიზეზი არასოდეს გამხდარა. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომში უშუალოდ რუსული სამხედრო შენაერთები მონაწილეობენ და ეს ომი რუსული იარაღით მარაგდება და რუსული ფულით ფინანსდება, უკრაინის ომი გაცილებით უფრო ნაკლები ინტენსივობის ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული სამხედრო კონფლიქტია ვიდრე ავღანეთის სრულ მასშტაბიანი, კონვენციური ომი, სადაც დღევანდელ რუსეთს საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები მატერიალური და ადამიანური დანაკარგები აქვს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი უკრაინის ომს მნიშვნელოვანწილად ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის ადამიანური მსხვერპლის ხარჯზე აწარმოებს.
ასევე მცდარია საბჭოთა კავშირის და დღევანდელი რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს შორის პარალელების გავლება. 1980-იან წლებში, საბჭოთა კავშირს კოლოსალური ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა, რომლებიც მოსკოვის მიერ კომუნისტური ბანაკის და მესამე მსოფლიოს განვითარებადი, სოციალისტური ქვეყნებისადმი ეკონომიკურ დახმარებაში და ასევე უშუალოდ საბჭოთა კავშირის უზარმაზარ სამხედრო ხარჯებში აისახებოდა. დღევანდელ რუსეთს, მიუხედავად მისი სამხედრო ხარჯების ზრდისა, მსგავსი ფინანსური ვალდებულებები არ აქვს, რაც ნავთობზე ფასების ვარდნის მიუხედავად მას ლავირების და გადარჩენის გაცილებით მეტ საშუალებას აძლევს.
და მაინც, დღევანდელი რუსეთი რომც დაიშალოს, როგორც ეს 1917 წელს ცარისტულ იმპერიას, ხოლო 1991 წელს საბჭოთა კავშირს დაემართა, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსულ იმპერიას რეინკარნაციის საოცარი და სწრაფი უნარი გააჩნია. 1917 წლის ორი (ბურჟუაზიული და ბოლშევიკური) რევოლუციის და 4 წლიანი სისხლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ რუსეთმა ახალი, კიდევ უფრო ძლიერი საბჭოთა იმპერია შვა, რომელმაც დაპყრობილ ხალხებს თავს ენით აუწერელი უბედურება დაატეხა მომდევნო 70 წლის მანძილზე.
ასევე, საბჭოთა კავშირის დაშლის, მომდევნო 9-წლიანი ქაოსისა და დემოკრატიის წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, რუსეთმა ახალი მონსტრი, პუტინის ავტორიტარული რეჟიმი შვა. მართალია, ახალმა რეჟიმმა საბჭოთა იმპერია ვერ აღადგინა, მაგრამ იმპერიის მთავარი საფუძველი, რუსეთი დაშლას გადაარჩინა, განამტკიცა და დღეს იგი ევრაზიის კონტინენტზე ჰეგემონიის აღდგენას არცთუ მთლად წარუმატებლად ცდილობს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და უკრაინაში მიმდინარე ომი ამ პროცესიის დამადასტურებელია.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ რუსეთის დეზინტეგრაციის ალბათობაზე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის და ტაქტიკის დამყარება, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია.
***
მეოთხე პრობლემა, რომელიც ქართულ საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას, განსაკუთრებით კი უკანასკნელ ხანებში, ახასიათებს, გახლავთ საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეისათვის საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა უკეთეს შემთხვევაში პოლიტიკური გაუნათლებლობის და უარეს შემთხვევაში პირდაპირი პოლიტიკური საბოტაჟის შედეგია. თანამედროვე მსოფლიოში ნეიტრალური ქვეყნების კლასიკურ მაგალითს ფინეთი (1956-1995 წლებში) და შვეიცარია (დღემდე) წარმოადგენენ. თუმცა ჩვენში ნეიტრალიტეტის მომხრეებს ავიწყდებათ, რომ ფინეთმა ნეიტრალიტეტი საბჭოთა კავშირთან 1939 წლიდან უმძიმესი ომების შედეგად მოიპოვა, რომელშიც ათეულ ათასობით ფინელი დაიღუპა. საბჭოთა კავშირი ფინეთის ნეიტრალიტეტს (ანუ როგორც ეს ისტორიაში ცნობილია „ფინლანდიზაციას") მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც ფინელმა ხალხმა საბჭოთა იმპერიას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და საბჭოთა რეჟიმი დარწმუნდა, რომ ფინეთის მთლიანად დაპყრობა მხოლოდ უდიდესი დანაკარგების ფასად მოუწევდა. ამით ისტორია იმას გვიჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტს მოპოვება სჭირდება, რაც ხშირად დიდი ადამიანური და მატერიალური მსხვერპლის გაღებას მოითხოვს.
მაგრამ ნეიტრალიტეტის მხოლოდ მოპოვება საკმარისი არ არის. მას შენარჩუნება სჭირდება, რასაც უცილობლად ნეიტრალური ქვეყნის სამხედრო ძალა უნდა უმაგრებდეს ზურგს. ფინეთმა საკუთარი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება არა საბჭოთა კავშირის კეთილი ნების, არამედ საკუთარი სამხედრო პოტენციალის შედეგად შეძლო, რადგან საბჭოთა იმპერიას ყოველთვის კარგად ახსოვდა, რომ ფინეთთან ომი არცთუ ადვილი იყო.
ასევე, შვეიცარიამ 1815 წლიდან საკუთარი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება არა მის ირგვლივ არსებული დიდი ევროპული იმპერიების კეთილი ნების, არამედ საკუთარი სამხედრო პოტენციალის შედეგად შეძლო. შვეიცარიის ირგვლივ ყველა ევროპულ იმპერიას ნათლად ესმოდა რომ მთიან, კბილებამდე შეიარაღებულ, მამაც შვეიცარიასთან ომი და მისი დაპყრობის მცდელობა აგრესორისთვის უდიდეს დანაკარგებთან და შესაძლო სამხედო კრახთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ თვით ჰიტლერულმა გერმანიამაც კი, მისი სამხედრო ძლიერების მწვერვალზე, უარი თქვა შვეიცარიაში სამხედრო ინტერვენციაზე.
შესაბამისად, საქართველომ ნეიტრალიტეტი რომც გამოაცხადოს, მისი ნეიტრალიტეტი ფიქციად დარჩება, რადგან მას ზურგს არავითარი ძალა არ უმაგრებს. საქართველოს სამხედრო თავდაცვისუნარიანობა დღეს თითქმის ნულის ტოლია. ამიტომ, ნებისმიერი დიდი სახელმწიფო საქართველოს ფორმალურ ნეიტრალიტეტს პირველი შესაძლებლობისთანავე ადვილად დაარღვევს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ამგვარი სისუსტის პირობებში საქართველოს ნეიტრალიტეტი მხოლოდ აგრესორს, ამ შემთხვევაში კი რუსეთს აძლევს ხელს, რომელიც ჩვენს ნეიტრალურ სტატუსს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციისა და შემდგომი მანიპულაციისათვის გამოიყენებს.
ბუნებრივია, მკითხველი იკითხავს: რა არის გამოსავალი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს ირგვლივ, როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში (კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში), გეოპოლიტიკური მდგომარეობა უაღრესად არასტაბილურია და მეტად საშიში ცვლილებების მოწმე ვხდებით.
ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ და მთლიანობაში პოლიტიკურმა ელიტებმა სრულად გაისიგრძეგანონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კონსოლიდაცია. ერის კონსოლიდაცია არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველმა ჩვენთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ საკითხებზე ერთნაირად ვიფიქროთ. კონსოლიდაცია ნიშნავს, რომ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური მრწამსისა, ჩვენ როგორც ერი, ერთად ვდგავართ ქართული სახელმწიფოს, მისი დამოუკიდებლობის დასაცავად და გადასარჩენად.
მეორე, აუცილებელია, მთავრობამ აქტიური მუშაობა გააჩაღოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მხრივ, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველაზე უარესისათვის, თუკი ჩვენს რეგიონში ან მეზობელ რეგიონებში, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ აზრს, უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდება, განსაკუთრებით კი საკუთარი ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ ქართულ ფსევდო-ელიტებში და მათ მიმდევრებში, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება ძალუძს. მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში სხვის იმედად ყოფნა უბრალოდ პოლიტიკური სიბეცის და სრული უპასუხისმგებლობის პირველი ნიშანია. როგორც მსოფლიო ისტორიამ მრავალგზის გვიჩვენა, სახელმწიფო და ერი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების და არსებობის სტრატეგიას სხვა ქვეყნების დახმარების იმედზე ამყარებს, უსათუოდ დაიღუპება. მე იმედი მაქვს, ჩვენ მსგავს ბედს არ გავიზიარებთ.
მესამე, ყოვლად აუცილებელია, საქართველოს მმართველმა ელიტებმა კონცენტრაცია მოახდინონ ქვეყნის შიდა პრობლემებზე. დღეს, საქართველოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტები უზარმაზარ დროს, ყურადღებას და ძალისხმევას უთმობენ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხს; მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დასავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საერთოდ, მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მოვლენებს. მაგალითად, ყოვლად გაურკვეველი მიზეზებით, ქართველი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტები დასავლეთის რომელიმე წამყვან ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, რომელიმე საარჩევნო კანდიდატის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას თუ მის თითოეულ განცხადებას პირდაპირ უკავშირებენ ჩვენი ქვეყნის ბედს, თანაც ისეთი პათეტიკური მონდომებით, მავანი იფიქრებს, რომ საუბარი მიდიოდეს არა რომელიმე უცხო ქვეყნის მეთაურის, არამედ თბილისის მერის არჩევაზე. სამწუხაროდ, როგორც უახლესმა ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, უცხოეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის თითქმის არაფერს ცვლის.
მიუხედავად ამისა, ქართული ელიტების საგარეო საკითხებით ლამის პათოლოგიური გატაცება ხშირად კომიკურ სახეს იღებს, განსაკუთრებით მსოფლიოს პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებზე მათი უაღრესად შეზღუდული ცოდნის გამო, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ფაქტზე, რომ მათ არაფრის შეცვლა ძალუძთ და საერთოდ არცერთი სერიოზული უცხოელი პოლიტიკოსი თუ ინტელექტუალი მათი აზრითა და შეხედულებით დაინტერესებული არ არის.
ყოველივე ეს სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენში საგარეო საკითხებზე ყოვლად გადამეტებულ კონცენტრაცია ხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემების უგულებელყოფის ხარჯზე. უბრალოდ, არასერიოზული და არალოგიკურია, ქვეყნის ელიტები საგარეო პოლიტიკაზე წუხდნენ, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის უდიდეს ნაწილს ჯერ კიდევ მოუგვარებელი აქვს თუნდაც საცხოვრებელი კორპუსებიდან ნაგვის გატანის პრობლემა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა უფრო დიდ პრობლემებზე.
დღეისათვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა უაღრესად მძიმეა. საქართველოს ორი ძირძველი კუთხე: აფხაზეთი და შიდა ქართლი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი, რევანშისტული რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. რუსეთი ქართული მიწების საკუთარი ნებით დაბრუნებას არ აპირებს და დღევანდელ სუსტ საქართველოს არანაირი ძალა არ შესწევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო ძალით დაიბრუნოს. ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები დასავლეთში ჩვენს მაგივრად ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად არ იომებენ და მათ ეს არც ევალებათ. ეს უბრალოდ ლოგიკური და სერიოზული წარმოსახვის ყოველგვარ ფარგლებს სცდება. ასევე, როგორც უკრაინის მაგალითმა აჩვენა, არც დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური და თუნდაც ეკონომიკური სანქციები მოახდენს რაიმე გავლენას საქართველოში რუსული ოკუპაციის დასრულებაზე.
ასევე შორს არის საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, თუნდაც იმ უბრალოდ მიზეზით, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით დასავლეთის სამყარო მოერიდება რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებას. გარდა ამისა, რუსეთის მიერ ქართული მიწების მიმდინარე ოკუპაცია კიდევ ერთ ურთულეს დაბრკოლებას წარმოადგენს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, რადგან ნაწილობრივ ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნის წევრად მიღება ამ სამხედრო ბლოკს რუსეთთან მყისიერად საომარ მდგომარეობაში აყენებს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, დღეს NATO-სთვის (და ასევე ევროკავშირისთვისაც) უამრავი სირთულით მოცული საქართველო „უშიშროების პრობლემას" (security liability) წარმოადგენს. ჩვენი NATO-სა და ევროკავშირში მიუღებლობის უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს არის, და არა ის რომ ჩვენ წევრობისთვის ჯერ მზად არ ვართ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საკმარისი მიზეზი აქვს, სრული ყურადღება გადაიტანოს შიდა პრობლემების მოგვარებაზე, რაც ცუდი საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გარეშეც ჩვენი ქვეყნისთვის ისედაც სწორი ნაბიჯი იქნებოდა. კერძოდ, სულ მცირე, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსები უნდა მოხმარდეს საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის საფუძვლიან რეფორმას და კვალიფიციური მუშახელის შექმნას, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლება-მშენებლობას, ქართული ქალაქების კეთილმოწყობას, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული სისტემის სრულ რეფორმას, ქართული ჯარის და მთლიანად საქართველოს ბრძოლისუნარიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და სხვა წვრილ და მსხვილ შიდა პრობლემას...
1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო ჩართულია დასავლეთის და აღმოსავლეთის სამყაროებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო გეოპოლიტიკურ ბრძოლაში, რომელშიც გადარჩენა არათუ პატარა და სუსტ საქართველოს, არამედ მასზე ბევრად უფრო დიდ და ძლიერ ქვეყნებს გაუჭირდებათ. ძალიან ვცდებით, თუკი ვფიქრობთ, რომ 21-ე საუკუნეში, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ამ ეპოქაში, ქვეყანასა და ერს ფიზიკური გაქრობის საფრთხე არ ემუქრება. საერთაშორისო პოლიტიკის უსასტიკესი და დაუნდობელი ლოგიკა არსებობის საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყანასა და ერს, მითუმეტეს საქართველოს მსგავს პატარა და სუსტ ქვეყანას, და თანაც კავკასიის მსგავს ურთულეს გეოპოლიტიკურ რეგიონში. შესაბამისად, სწორი სტრატეგიის განსაზღვრას და მაქსიმალურ სიფრთხილეს აბსოლუტურად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეული ნაბიჯის გადადგმისას.
საქართველოს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ჩვენში არსებული თითქმის მუდმივი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური წესრიგის ჩვენდა საზიანოდ შეცვლის პირობებში, სუსტ ქვეყანას უთუოდ დაღუპვას გვიქადის. ამგვარი გეოპოლიტიკური ცვლილების პირველი სერიოზული ნიშნები: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, მოსკოვის შემდგომი სამხედრო ინტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთის და მისი მოკავშირეების როლის ზრდა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი პარტნიორი აშშ-ის როლის შესუსტების ფონზე, უკვე სახეზეა.
შესაბამისად, საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა, ამგვარ საშინაო და საგარეო პირობებში დიდხანს ვერ გასტანს. ამჟამად ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოებრიობას მხოლოდ და მხოლოდ ინერციით ინარჩუნებს. შეიძლება ითქვას, საქართველო ნასესხებ დროზე ცხოვრობს და ეს მუდამ ასე ვერ გაგრძელდება. ადრე თუ გვიან არსებული მსოფლიო გეოპოლიტიკური სისტემა აუცილებლად შეიცვლება და თუ ჩვენ ამ უზარმაზარ ცვლილებას მომზადებული არ შევხვდით, ჩვენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას უთუოდ დავკარგავთ, როგორც ეს 1921 წელს ჩვენმა ერმა იწვნია და შესაბამისად, მრავალწლიანი მონობისათვის განწირული აღმოვჩნდებით. ამიტომ საჭიროა, გონიერებას მოვუხმოთ, რათა დიდი გეოპოლიტიკური გადაჯგუფებებისას არა მარტო გადავრჩეთ, არამედ ეს ცვლილებები ჩვენს სასარგებლოდ, საქართველოს გასაერთიანებლად და ძლიერების ახალ მწვერვალზე ასაყვანად გამოვიყენოთ. მოქმედების დრო სწორედ ახლაა. შემდგომ შეიძლება გვიანი იყოს.
ვასილ რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი