„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სარფში პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ ინაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ირმა ინაშვილმა განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები სარფში სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობის შეფერხებას შეეცდებიან.
„ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილი აქციებს გეგმავს და ეს მოხდება სარფში. დადგმული სპექტაკლით, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მივლენ სარფის საზღვართან და შეეცდებიან, საზღვრის მუშაობა შეაფერხონ. იქნება პროვოკაციული ქმედებები", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.