logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმს ესტუმრება
- +

16 სექტემბერი. 2016. 18:08




16-18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება. მუზეუმებში საქართველოს მასშტაბით უფასო გამოფენები, ვორქშოფები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2016 წლის თემის „მემკვიდრეობა და საზოგადოება"  ფარგლებში  მოეწყობა.



17 სექტემბერს, 15:00 საათზე,   საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში  გამოფენა „ევროპელები მუზეუმის არქივებიდან" გაიხსნება.  ღონისძიებას  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.  წარმოდგენილი იქნება ქართველი, გერმანელი, პოლონელი, ლატვიელი, უკრაინელი და რუსი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში მუზეუმის მოწვევითა და დაკვეთით, სხვადასხვა დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების დიზაინს ქმიდნენ.  ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, დამთვალიერებელი პირველად იხილავს იული სტრაუმეს, ოსკარ შმერლინგის, ჰენრიჰ ჰრინევსკისა და სხვა მხატვრების ნამუშევრებს.



გამოფენის მსვლელობისას რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ჩატარდება - მონაწილეები გაეცნობიან საქართველოსა და ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთკავშირს. მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის შემოვიდა ევროპა საქართველოში (ჟან შარდენი, კასტელი და სხვა მისიონერები),  ასევე  სულხან საბას მოგზაურობას ევროპაში და მისი ინიციატივის მნიშვნელობებს, ევროპელების დასახლებაზე საქართველოში (გერმანელები, პოლონელები) და მათ კულტურული მემკვიდრეობის გავლენებზე, რასაც მუზეუმში გამოფენილი ექსპონატებიც წარმოაჩენს. საგანმანათლებო პროგრამის ფარგლბეში, მონაწილეები შეადგენენ ორნამენტს და შემდეგ ამ ორნამენტით მოხატავენ ლარნაკს, ქილას, ბოთლს, საყვავილეს და ა.შ.  ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა საჯარო ლექცია თემაზე „დიზაინის და მხატვრული ფორმის განვითარების ისტორია ევროპასა და მსოფლიოში, ხალხური და გამოყნებითი ხელოვნების მუზეუმის ექსპონატების მაგალითზე".



საქართველოში „ევროპის მემკვიდრეობის დღეების" აღნიშვნას უკვე სამწლიანი ისტორია აქვს. ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები" ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო  1999  წელიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები უმეტესად ყოველი წლის სექტემბრის ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებასა თუ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი  საგანმანათლებლო პროგრამებისა და აქტივობების მეშვვეობით მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ. 



ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები სპეციფიური თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, ისტორიის სხვადასხვა პერიოდისა და საზოგადოების მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საკითხებზე. წლევანდელი, 2016 წლის თემა მემკვიდრეობა და საზოგადოება გახლავთ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner