პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „სილიკონ ველი თბილისის" პროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის კარგი მაგალითია. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბიზნესსექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები დაეწრნენ.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 6 წლის განმავლობაში 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, ამასთან, პირველი სამი წლის მანძილზე ინვესტორმა ვალდებულება აიღო, 6 მილიონი ლარის ინვესტიცია დააბანდოს.
თბილისში პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისის" პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო სკოლის, გადამზადების და დასაქმების ცენტრების, ინოვაციებისა და კვლევითი ლაბორატორიების, IT-აკადემიის და მედიაცენტრის გახსნას ითვალისწინებს. უნივერსიტეტში 2200-ზე მეტმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს, სკოლაში კი - დაახლოებით 450-მა მოსწავლემ.
„ყველაზე მეტად, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება, კარგად მომზადებული კადრებია, განსაკუთრებით ტექნოლოგიური მიმართულებით," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პროექტის ინვესტორებს წარმატება უსურვა.