logo_geo
eng_logo
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა იწყება
- +

16 სექტემბერი. 2016. 21:57



16 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სლოვაკური კომპანია „Autokomodex Trnava spol.sro"-ს ხელმძღვანელებმა: დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა ოფიციალურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.  


ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მშენებლობას იწყებს.


ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება. პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება.

 

ტარიელ ხეშიკაშვილის თქმით, ახალი მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს შეუწყობს როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის განვითარებას საქართველოში.


 

„იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებიდან გამომდინარე, რომლებსაც საქართველო 2017 წელს მასპინძლობს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ ტურნირებს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოაწყოს. დღეს გაფორმდა ხელშეკრულება სამინისტროსა და აღნიშნულ სლოვაკურ კომპანიას შორის.

 

ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შედეგად, იწყება 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა,  რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის განვითარებას საქართველოში.

 

ახალი სტადიონებისათვის ადგილები უკვე შერჩეულია. ასევე აღსანიშნავია, რომ სლოვაკურ კომპანიას სურვილი აქვს, ამ პროქტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა უკვე კერძო კლუბებთან და თვითმმართველობებთან სხვადასხვა რეგიონებში. მსურს სპორტის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


კომპანია „Autokomodex Trnava spol.sro"-ს დირეტქორმა პიტერ ფილამ განაცხადა, რომ მოხარულია საქართველოსთან თანამშრომლობით და აღნიშნა, რომ მზად არიან სტადიონების მშენებლობის მხრივ არსებული გამოცდილება საქართველოს გაუზიარონ.


„ძალზე მოხარულნი ვართ საქართველოსთან და კერძოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

საქართველო განსაკუთრებულად მოგვწონს. დიდი ხანია ქართულ მხარესთან შეხვედრებს ვმართავთ, ყოველთვის გვსურდა მნიშვნელოვანი და ერთობლივი პროექტების განხორციელების საშუალება გვქონოდა და ჩვენთვის სასიხარულოა საფეხბურთო და სარაგბო სტადიონების მშენებლობას რომ ვიწყებთ.

 

მეც თავად ყოფილი სპორტსმენი ვარ და ამ მხრივაც, ძალიან საინტერესოა ჩემთვის საქართველოსთან თანამშრომლობა. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სტადიონების მშენებლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობთ ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ და საქართველოში სპორტის სამომავლო განვითარებას შევუწყოთ ხელი", - განაცხადა პიტერ ფილამ.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner