„კოალიციაში არსებული პოლიტიკური რყევები წინასაარჩევნო მზადებას უკავშირდება", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე კოალიცია „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს. როგორც ხუნდაძემ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, უმოკლეს ვადაში უნდა დასტაბილურდეს ვითარება კოალიციაში და ჩამოყალიბდეს თუ რა კონფიგურაციით წარსდგება „ქართული ოცნება" არჩევნებზე.
„უნდა ჩამოყალიბდეს თუ რა კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი კოალიცია. ეს არის ნორმალური პროცესი. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი პროგნოზია, რომ არცევნებზე კოალიციურ რეჟიმში წარვსდგებით. მთავარია, პარტიები ერთმანეთში წინასაარჩევნოდ შეთანხმდნენ, რომ მათ ჰქონდეთ ერთი ხედვა, ერთი სტრატეგია, ერთი პროგრამა და ერთიანად წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კოალიციაში სტაბილიზაცია და გაირკვეს ყველა საკითხი.
რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე უნდა მოხდეს შეჯერება. ეს თემა განიხილება ყველა ფრაქციაში. სწორედ ეს არის სტაბილურობის და შეთანხმების საფუძველი. პრემიერის მოთხოვნაც ასეთია. ხედავთ, რომ მან ახალი ხელწერა შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში. ის ეცნობა თითოეული უწყების საქმიანობას. პრემიერი დაინტერესდა პარლამენტში კომიტეტების საქმიანობითაც. პრემიერი მოახდენს ერთიან ანალიზს. არ გამოვრიცხავ, რომ სამთავრობო სტრუქტურებშიც განხორციელდეს ცვლილებები. ეს არ უნდა გვიკვირდეს, არ უნდა ვშიშობდეთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით შეიძლება რაიმე ძირითადი მიმართულებები დაზიანდეს. მთავარია, ყველა ცვლილება ემსახურებოდეს სტაბილურობას და ქვეყნის წინსვლას", - განაცხადა ხუნდაძემ.