საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებთან დაკავშირებით გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული კოდექსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის დონეს თვისობრივად ცვლის.
„ვფიქრობთ, რომ ეს იქნება თვისობრივი ცვლილება საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. საქართველოში, მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება. სრულწლოვანი მსჯავრდებულისთვისაც ინერგება არასაპტიმრო სასჯელის ახალი სახე - შიდა პატიმრობა, მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები, იცვლება უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა საქმეების გადასინჯვის მექანიზმები, ანუ, შემდგომი შესაძლო გათავისუფლების მექანიზმი შემოდის და ა.შ
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებებია და მინდა წარმატება გისურვოთ ამ ცვლილებების დანერგვის პროცესში", - მიმართა კვირიკაშვილმა კახა კახიშვილს.