ავტორი ანა ნონიკაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა „რეპორტიორთან" წინასაარჩევნო გარემოსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
- როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს?
- სამწუხაროდ, ვერ დავიკვეხნით, რომ წინასაარჩევნო გარემო აბსოლუტურად დემოკრატიულია. სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას მაინც აქვს ადგილი. „ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირ არღვევს კანონს, თუნდაც იმით, რომ პლაკატებზე ზემოდან საკუთარს აკრავს. გამიმართლა, რომ ვარ იმ უბანში, ნაძალადევში, სადაც „ნაციონალები" ფრთებს ვერ შლიან და მოკრძალებულად იქცევიან. „ნახალოვკა" და ლოტკინი ის უბნებია საიდანაც მიხეილ სააკაშვილმა სისხლიანი რეჟიმი დაიწყო. ის უბანია, სადაც ახალგაზრდა ბიჭების 85% დაჭერილი ჰყავდათ.
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ შემოთავაზებას და აპირებს „პატრიოტთა ალიანსი", მემორანდუმს მოაწეროს ხელი?
- ორი თვის წინ გავაკეთე განცხადება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომ თუ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ სახელმწიფომ და პოლიტიკურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმონ, არაფერი გამოვა. ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" წავა უკიდურეს გამწვავებაზე, რადგან ვერ იგებს არჩევნებს და მისი ადგილი მეორეც აღარ არის. შესაბამისად, არეულობას დაიწყებენ. მემორანდუმზე ხელი უნდა მოაწერონ არა სხვა პარტიებმა, არამედ ზუსტად „ნაციონალურმა მოძრაობამ", ვინც იქნება ამრევი და ვინც ემზადება ამისთვის. სამწუხაროა, რომ ორი თვე არ გაუკეთებიათ მემორანდუმზე განცხადება და მხოლოდ 20 დღით ადრე კეთდება. „ნაციონალები", დიდი ხანია ვიცით, რომ არის ფაშისტური ორგანიზაცია. სამწუხაროა, რომ „ჰეროკრატიის" ფონზეც კი ვერ მივაღწიეთ არჩევნებიდან მათ მოხსნას.
ჩემი დიდი სურვილია, პირველ ადგილზე გავიდეს „ქართული ოცნება" და ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ გააჩნია, რა ჭიდილის ფასად მოხდება ეს ყველაფერი. არ გამოვრიცხავ რომ გაუჭირდებათ და შემდეგ პარლამენტში მოხდება სხვადასხვა სახის გაერთიანება. მთავრობას შეუძლია წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა" მოხსნას და მოუწყოს სასამართლო.
- ანუ აპირებთ ხელის მოწერას მემორანდუმზე?
- „პატრიოტთა ალიანსი" ყოველთვის მზად იყო, მემორანდუმზე ხელი მოეწერა. კონკრეტულად, ეს იყო ჩემი იდეა. აქ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე", რომელიც სიტუაციის ერთადერთი ამრევია. არ მეგულება სხვა პარტია, რომელსაც არ სურს ამ მემორანდუმის არსებობა და არ უნდა ხელის მოწერა.
- ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? თქვენი აზრით, ვინ ახორციელებს ჩაწერებს?
- აუდიოჩანაწერების გავრცელება არის გზა, რომლითაც მიდის „ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციის არევისკენ. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს არ აწყობს მოსმენები და მსგავსი ფაქტები, ეს არის ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურები. მათი წვლილი ამაში არ არის. როგორც წესი, ასეთ ჩანაწერს ავრცელებს ჩანაწერის რომელიმე მონაწილე - ან პაატა ბურჭულაძის გავრცელებულია, რომელსაც რეალურად უნდა ამ თამაშიდან გამოსვლა და სხვა გზა არ აქვს, ან ნიკა გვარამიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია და არც არასდროს დაუმალავს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ ოპოზიციას, დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების სამსახური არ არის დაკავებული მოსმენებით, რადგან მათ უფრო რთული ამოცანა აქვთ.
საქართველოში არის შემოსული საკმაოდ ბევრი ჯგუფი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას 8 ოქტომბრის შემდეგ, მანამდე კი მსგავს ჩანაწერებს გაავრცელებენ.
- ვის მიიჩნევთ ნაძალადევში კონკურენტად?
- ნაძალადევის რაიონში ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა პარტიას, რომლებმაც კარგად აწონ-დაწონეს ჩემი შანსები და ოდიოზური ლიდერები არ გამოაგზავნეს. ეს არის ერთადერთი უბანი, სადაც არც „ნაციონალური მოძრაობის", არც ბურჯანაძის, არც „ქართული ოცნების" და არც სხვა პარტიების გამოჩენილი სახე არ დგას. რეალურად, ნაძალადევში მივაღწევ გამარჯვებას. ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ამ უბნის მიმართ. ზუსტად ის ადამიანები ცხოვრობენ, ვინც ამნისტიით გამოვიყვანეთ და უშუალოდ მე გადავარჩინე სიკვდილს. წლების განმავლობაში ვიყავი მათ გვერდით და შანსები მაქვს დიდი.
- მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავთ. რა პრობლემები გამოიკვეთა? რა აწუხებს ნაძალადევის მოსახლეობას?
- ნაძალადევში ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთი არის გზა, რომელიც ზედა უბნებში საერთოდ არ არსებობს. საკანალიზაციო კომუნიკაცია, ასევე ანძები, რომლებიც მოსახლეობასთან ახლოს უკანონოდ დგას არის დიდი პრობლემა. ასევე დიდი პრობლემაა ბაღების და სკოლების არარსებობა.