ავტორი მარიამ პაიჭაძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორთან" პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმიანება. მისი თქმით, ნიკა გვარამიას, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დირექტორის მხრიდან, პოლიტიკური ფიგურისა და გაერთიანებული ბლოკის ლიდერის პაატა ბურჭულაძის მიმართ დირექტივების მიცემა არასწორია.
„ეს, რა თქმა უნდა, ლაპარაკობს მკვეთრი პოლიტიკური ინტერესების მქონე ადამიანზე, რომელიც, უფრო უპრიანი იქნებოდა, გადამდგარიყო „რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელობიდან, პარტიულ სტრუქტურაში დაეკავებინა ადგილი და განეცხადებინა ეს, როგორც გადადგომის მოტივი. ეს იქნებოდა ნორმალური მდგომარეობა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი რომ გახდა ბიძინა ივანიშვილი, „მეცხრე არხი" დახურა, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ფიგურას არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია. იმ სულისკვეთებას, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მედიიდან გასვლას უნდა ნიშნავდეს, მივესალმები და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დარღვეულია ეს პრინციპი. „რუსთავი-2" თუ ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშავებს, ის უნდა განვიხილოთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" სატელევიზო ფილიალი", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.