logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძე სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის
- +

17 სექტემბერი. 2016. 17:03



„ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძე სამედიცინო ცოდნისგან შორს არის. ვოლსკის თქმით, პაატა ბურჭულაძეს ამ განცხადებით რაღაც პოლიტიკური ნიშის დაკავება უნდა.

 

 

შეგახსენებთ,  პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში განაცხადა, რომ „მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს აფთიაქებში. ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს".


„მე ვფიქრობ, რომ სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის პაატა ბურჭულაძე. ხელოვნების საკითხებზე რომ გაეკეთებინა განცხადებები, უფრო კომპეტენტურად გამოჩნდება. რაღაც პოლიტიკური ნიშის დაკავება უნდა და გადაწყვიტა, რომ ამ განცხადებით ვიღაც მხარდამჭერები გამოუჩნდება მის იდეას. ძალიან გული მწყდება, რომ არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს ბოლო პერიოდში. უნდა გაიაროს ალბათ კონსულტაციები ამ დარგის სპეციალისტებთან", - განაცხადა ვოლსკიმ.


ვოლსკის თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლება მუშაობს.


„მარიხუანას თემა, ნარკოპოლიტიკა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ აზრი დაბალანსდეს საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც მიაჩნია, რომ მარიხუანა არ არის მსუბუქი ნარკოტიკი და ამან შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს გარკვეული პრობლემები და არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ლიბერალიზაციისა და ლეგალიზაციის მომხრეა და არის ხელისუფლება , რომელმაც საკმაოდ დაბალანსებული პოლიტიკა შესთავაზა საზოგადოებას, თუმცა იქ რაღაც გადახრები ხდება", - განაცხადა გიორგი  ვოლსკიმ.


ვოლსკის განცხადებით, კანონი ლოიალური უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ერთჯერადი გადაცდომა მოუხდათ.


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანს ერთჯერადად მოუხდა გადაცდომა ან კრიმინალთან არ აქვს საქმე, მის მიმართ კანონი ლოიალური უნდა იყოს, მაგრამ დაშვებებმა შეიძლება გაააქტიუროს მეორე ჯგუფი, რომ არალეგალურ ბაზარზე ნარკოტიკების შემოტანის ინტერესი გაუჩნდეს. ასე რომ, ძალიან სკრუპულოზური გადაწყვეტილებაა მისაღები და არა წამოყვირებები, რაც ამ შემთხვევაში პაატა ბურჭულაძემ დაუშვა", - განაცხადა ვოლსკიმ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner