logo_geo
eng_logo
თეა ქუთათელაძე: ყველა მოქალაქე ვალდებულია, თავის ქალაქს მოუაროს
- +

ავტორი ანა ფერაძე

17 სექტემბერი. 2016. 17:59



ახალახან თბილისელებმა მათთვის უჩვეულო აქცია იხილეს - ქალაქის ქუჩებს მოხალისეები ასუფთავებდნენ. როგორც გაირკვა, ასეთ აქციებს facebook-ჯგუფის „მწვანე საქართველო - ჯანმრთელი მომავალი" წევრები ატარებენ.


ჯგუფ „მწვანე საქართველო - ჯანმრთელი მომავალის" წევრმა თეა ქუთათელაძემ „რეპორტიორთან" ჯგუფის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც თეა ქუთათელაძემ აღნიშნა, ჯგუფის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და ჯანსაღი, სუფთა გარემოს შექმნა ქალაქში.


- როგორ და რა მიზნით შეიქმნა „მწვანე საქართველო - ჯანმრთელი მომავალი"?

 

- თავიდან ოპერის მომღერლებმა ოთარ ჯორჯიკიამ, მარიამ ნაჭყებიამ შეიქმნეს ჯგუფი, რომელიც გულისხმობდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. Facebook-ზე შექმნილ ჯგუფში მოვიწვიეთ მეგობრები და დღეს უკვე 7 000 წევრი ვართ.


ჩვენი მიზანია, პროპაგანდა გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და გავუფრთხილდეთ ეკოლოგიას. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველამ იზრუნოს ქალაქზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ვალდებულება. სამოქალაქო საზოგადოება ისე უნდა განვითარდეს, რომ თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა აიღოს ქალაქზე ზრუნვაზე.


ელემენტარულია, როცა ვინმე ნაგავს ყრის და ამას დაინახავ, შენიშვნა უნდა მისცე. საზოგადოება ძალიან ინერტულია. როცა საზოგადოებაში განწყობა იქნება ისეთი, რომ ეს ქმედება სირცხვილია, მაშინ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდება.


ჩვენი ინიციატივით, კვირაში ერთი დღე ქალაქის მასშტაბით დავიწყეთ სხვადასხვა ადგილების დალაგება. უკვე დავასუფთავეთ ბოტანიკური ბაღი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველი.


ჩვენი მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ნაგვის აღება სამარცხვინო არ არის და ეს მოდურიც კი გახდეს.


ჩვენი ქვეყნის მშენებლობისთვის თითოეულმა მოქალაქემ თითო აგური უნდა დადოს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ასეთ აქციებში.


- რამდენად მაშტაბურია ეს კამპანია?

 

- ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნვა დაახლოებით სამი თვის წინ დავიწყეთ. ამის შემდეგ ჯგუფში მოხალისეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.


როცა ჯგუფში მომავალი კვირის გეგმას და ლოკაციას ვდებთ, მოხალისეების რაოდენობა საკმაოდ დიდია.


ქალაქის, გარემოს დაბინძურება ძალიან ბევრი, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევია. ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, დავიცვათ გარემო და ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე.


- თუ გეგმავთ ღონისძიებებს მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად?

 

- ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ვგეგმავთ ხეების დარგვის აქციას. ჩვენ მერიას მივმართეთ თხოვნით, ადგილი გამოგვიყონ, სადაც დავრგავთ ხეებს და საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ აქციაში. შემდეგ კი ყველა ერთად მოვუვლით ჩვენს მიერ დარგულ ხეებს.


როცა მომავალი თაობა დაინახავს, რომ ყველა ვზრუნავთ ქალაქში სისუფთავეზე, ჯანსაღ გარემოზე, მომავალში მსგავსი პრობლემები არ შეგვექმნება.


რაც უფრო მეტად აქტიურად გაშუქდება მსგავსი აქციები და პოპულარული გახდება, ეს დადებით ემოციას გამოიწვევს საზოგადოებაში და სულ უფრო მეტი მოხალისე გვეყოლება.


არ შეიძლება, ყველაფერში მთავრობა დაადანაშაულო, ყველა მოქალაქე ვალდებულია, თავის ქალაქს მოუაროს და იზრუნოს მასზე.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner