საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირბა დასრულებულია. როგორც ბუკიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, კოალიცია ემზადება არჩევნებისთვის და კიდევ ერთხელ ეხდება, რომ ერთიანი ძალებით მოიპოვოს ამომრჩევლის ნდობა.
„კოალიციაში დავრჩებით ის სუბიექტები, ვინც იგი დავაფუძნეთ. რაც შეეხება დაპირისპირებას, პრემიერის განცხადების შემდეგ ეს პრობლემა ამოწურულია. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ კონფრონტაცია აღარ გაგრძელდება. კოალიცია ემზადება არჩევნებისთვის. ერთიანი ძალებით კიდევ ერთხელ ეცდება ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას", - განაცხადა გიგა ბუკიამ.
აქვე ბუკია კოალიციაში ახალი სახეების შესაძლო გამოჩენაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ცვლილებები განხორციელდება, თუმცა რა დოზით, ეს ჯერჯერობით გადასაწყვეტია.
„ზოგადად, ახალი სახეები ყველგან საჭიროა, მაგრამ პოლიტიკაში ასე არ არის. ერთ დღეში ახალი სახის აღმოჩენა არ ხდება. ადამიანს უნდა ჰქონდეს ცნობადობა, მოსახლეობა უნდა ენდობოდეს მას, უნდა იცოდეს მისი წარსული ცხოვრება. ამ კრიტერიუმებით, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ახალი სახეები იქნება წარმოდგენილი. მაგრამ, ზოგადად ახალი სახე ნიშნავს ნაკლებ გამოცდილებას, ნაკლებ ცნობადობას და ეს ყველაფერი როგორც პლუსი, ისე მინუსიც არის. ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ რა დოზით, ეს არის გადასაწყვეტი", - აღნიშნა ბუკიამ.