logo_geo
eng_logo
ქალი პატიმრის აღსარება, რომელსაც 40 წელი მიუსაჯეს!
- +

17 სექტემბერი. 2016. 23:41



ირინა ჩაგანავა - სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ვანო მერაბიშვილის, დათო ტყეშელაშვილის, დათა ახალაიას და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წყალობით, მიესაჯა 40 წელი პატიმრობა.


ზარი ქალთა კოლონიიდან:


- გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? - არამიშავს, მე გარეთ რა მიჭირს, თქვენ როგორ ხართ? - რა ვიცი, აბა, როგორ უნდა ვიყო? - რამდენი წლის ხართ? - მე 49-ის... არ ვიცი უკვე, ახალგაზრდა ვარ თუ ბებერი, იმდენი მომისაჯეს. - მაინც რამდენი? - 40 წელი. - რას ლაპარაკობთ, ციხიდან 89 წლისა უნდა გამოხვიდეთ? - დიახ, დიახ, ამისი გარანტია მომცა პროკურორმა მაია სილაგაძემ, ციხის პირობებში ამდენი წელი იცოცხლებო. მე ვუთხარი, სამი შვილის დედა ვარ, ამდენი ქონება დამაკარგინეთ, თან 40 წელს მისჯით - მეთქი. ეს არის ძალიან რეალური სასჯელიო. მე მაშინვე ვუთხარი, ქალბატონო მაია, თქვენ ჩემ ადგილზე მოხვდებით, მაგრამ არა მგონია, იმ დროს შეკრებითობის ასეთი პრინციპი იყოს-მეთქი. მე ადრე გეოლოგიის სამმართველოში ვმუშაობდი, მაგრამ როცა ქვეყანა აირია, ვაჟა ფშაველას 10 ნომერში მქონდა უძრავი ქონების სააგენტო. ბინების ყიდვა-გაყიდვაზე ვმუშაობდი და იპოთეკურ სესხებზეც. დაახლოებით 12 წელი ვიმუშავე. იყო ერთი ადამიანი, კვინტრაძე ირაკლი, ჩემი კლიენტი, რომელსაც თავის დროზე ფული ჩავადებინე, დავეხმარე. დროთა განმავლობაში კვინტრაძე დამიახლოვდა, დავბეგობრდით. ეს კაცი დათო ტყეშელაშვილის შვილის ნათლიაა, თან კურსელები არიან. 2006 წელს, როცა ტყეშელაშვილი გახდა ინფრასტრუქტურის მინისტრი, მან ამავე სამინისტროში გენინსპექციის უფროსად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში კვინტრაძეს ჩემგან ვალად აღებული ჰქონდა რაღაც თანხები და მითხრა: ირინა, ახლა მუშაობა დავიწყე, ამდენი ხანი შენი წყალობით ვარსებობ, გვერდით დამიდექი, დათო ახალ პროექტებს აკეთებს და შენს ვალსაც გადავიხდი. მოდი, მიკრო-საფინანსო ბანკი გავაკეთოთ, ფულში სანდო ადამიანი ხარ, ჩემს სახელზე არ შეიძლება, სახელმწიფო მოხელე ვარ, შენ უხელმძღვანელებ, კაი ბიზნესი გვექნებაო. იმ პერიოდში მე მიწის ოთხი ნაკვეთი მქონდა ნატახტარში, ერთი მქონდა ურეკში. კვინტრაძემ ჩემგან კიდევ დაიწყო თანხების წაღება დათო ტყეშელაშვილის სახელით, ძალიან იმატა ვალებმა და სხვა გზა არ მქონდა, ეს ნაკვეთები უნდა ჩამედო ბანკში. კვინტრაძე მეუბნებოდა, დათო ტყეშელაშვილს სჭირდება სესხადო, მისთვის მიჰქონდა ნაწილი. დანარჩენზე ამბობდა, პროექტების გამო მჭირდება, ფული ჩაირიცხება და ერთბაშად გადავიხდითო. ხან 15 ათასი დოლარი მიჰქონდა, ხან 10 ათასი, ხან 20 ათასი, მაგრამ ეს თანხები ხომ ჩემი არ იყო? მე ვიყავი შუამავალი, კლიენტებისგან ვიღებდი სესხად. ესენი არ იხდიდნენ, მაიმედებდნენ და ამასობაში პროცენტები ჩემგან მიდიოდა. ბოლოს თანხები გაიზარდა უსასრულოდ, 2007 წლიდან 2009 წლამდე მარტო პროცენტი მაქვს გადახდილი 280 ათასი დოლარი. კვინტრაძემ გაკეთებული პროექტი მაჩვენა - "21-ე საუკუნე". მთხოვდა, დროში იწელება, დამეხმარეო. როცა ძირმა თანხამ უკვე 150 ათას დოლარს მიაღწია, მეც გავიჭედე... ხალხი მაწუხებდა, მაგრამ ირაკლი აცხადებდა, ეგ ფული ჩემი გადასახდელია, ირინას თავი დაანებეთო. ახლა ვხვდები, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. 2009 წლის თებერვალში გარემოს დაცვის სამინისტროდან ჯანდაცვაში გადაიყვანეს, იქაც მაჩვენა პროექტები. თან იძახდა, ნუ გეშინიათ, მე გარემოს დაცვიდან რომ წამოვედი, ყველა პროექტი დათა ახალაიამ გადაიბარაო. როცა კლიენტები გვაწუხებდნენ, ახალაიას სახელით აშინებდა. მე სულ მეჩხუბებოდა, ამ ხალხს პროცენტებს ნუ უხდი, ეს ინვესტიცია რომც ავიღო, მაინც არ დავაბრუნებ ფულსო. ბოლოს აღარც ერიდებოდა, არც ეშინოდა, ვერაფერს ვერ მიზამთ, დათა ახალაია მფარველობსო. იყო მუქარები და იარაღის ტრიალი. როცა მე კატეგორიულად მოვითხოვე თანხის დაბრუნება, ჩემს ოფისში უცებ მოვიდა მცხეთა-მთიანეთის პოლიცია, თქვენ ბრალი გედებათ ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციაშიო. მე მაშინ აზრზე არ ვიყავი, რა წამალზე ლაპარაკობდნენ... ახლა ციხეში იმდენი რამე გავიგე, თურმე საერთოდ არ მიცხოვრია 49 წელი. მოკლედ, შემოცვივდა 20 კაცი, ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა გივი ამისულაშვილი, მთავარი გამომძიებელი. მე ეგრევე მოვითხოვე ადვოკატი. ამ დროს გივი ურეკავს ვიღაცას: ეს არის, ამ ქალს ყველანაირად შევაშინებთო? აგერ, არ გვნებდება, ახლა ადვოკატს ითხოვსო. ამასობაში მოვიდა ჩემი ადვოკატი, იასონ ბესელია. ერთ-ერთ პატრულს ერქვა "ზინგერა", ის მივიდა ერთ-ერთ სამუშაო მაგიდასთან, უჯრა გამოაღო და რაღაც ცელოფნის პარკები ამოყარა. აუ, ეს უკვე მტკიცებულებააო, წამალიო, ჰეროინიო, კიდევ რაღაც სიკვდილს იძახდნენ. მთელი 4 საათი გაგრძელდა, ეს მევალეებიც ვინ მოაგროვა, არ ვიცი, იდგნენ ოფისთან და თავებს იქნევდნენ. შემდეგ წამიყვანეს ანალიზების ასაღებად ორთაჭალაში, იქიდან "კაპეზეში" და საღამოს 9 საათზე გამომიშვეს, თქვენს ოფისში წამალი კი არა, დაფქული "სტრეპტოციტი" აღმოჩნდაო. ახლა აქ უფრო მეტი დრო მაქვს, რომ ვიფიქრო... იმ დილით მოვიდა ერთი ძველი თანამშრომელი, ხათუნა გურეშიძე, რომელიც არ უნდა მოსულიყო. შემდეგ ირაკლი კვინტრაძეც მოჰყვა ფეხდაფეხ, თითქოს ბანკში უნდა წავსულიყავით და ფული გამოგვეტანა. ის შემდეგ ცოტა ხნით გავიდა და ამ დროს შემოვარდა პოლიცია. როცა გივი ამისულაშვილმა პირადობის მოწმობა მომიტანა, ადვოკატის თანდასწრებით მითხრა: ბიძია, ურეკის ნაკვეთს შეეშვი და თანხების დაბრუნება აღარ ახსენო, თუ არ გინდა, რომ მართლა ჩაგიდონ წამალი, პატიოსანი ქალი ჩანხარო. ამასობაში ყველაფერი დავკარგე, ნაკვეთებიც, ბინაც, მამიდაჩემის ბინა და ასე შემდეგ. კვინტრაძემ ვერავინ ვერ დაითანხმა, რომ ჩემთვის ეჩივლა. თუმცა ერთი იყო, თვალავაძე, რომელსაც მე საქმეში ჩავადებინე 100 ათასი დოლარი. 2 წელიწადში უკლებლივ დაუბრუნდა თავისი თანხა, ხელშეკრულება ნოტარიულად გავაფორმე და პროკურატურამ დანაშაულად ეს ჩამითვალა, შენ თაღლითურად გაუფორმეო. ამ ადამიანმა შეიტანა საჩივარი და ამის გამო დამაკავეს. მერე დანარჩენებსაც უთხრა კვინტრაძემ, თუ გინდათ, რომ თქვენი ფული დაიბრუნოთ, უნდა იჩივლოთო და ასე შემიკრიბეს 40 წელი. არადა, ვალი რაც მქონდა, ვაღიარე, მე მთავარ პროკურორს, ზოდელავასაც მივმართე და პიროვნებაც დავუსახელე, ვინც ფული წაიღო, მაგრამ არაფერი. ისე მომისაჯეს 40 წელი, პროკურორი ერთხელაც კი არ შემოსულა ჩემთან, ერთი შეკითხვა არავის დაუსვამს. ამის შემდეგ ჩემ შვილზე იყო თავდასხმა, უფროს გოგონაზე. სანამ არ დამიჭირეს, მაიც ვერ მივხვდი, რომ ირაკლი კვინტრაძე მყავდა მტერი. პირველ სასამართლოზე ძალით მოიყვანეს მოწმის სტატუსით, მეორე პროცესზე მოვიდა და არაფერი, თავისი დანაშაული მე გადმომაბრალა. მექანიკურად შემიკრიბეს, არაფერი არ გაითვალისწინეს არაფერი! მე ჯერჯერობით არ ვასახელებ ერთ ადამიანს, რომელიც ვანო მერაბიშვილის უწყებაში სატელეფონო მოსმენებზე მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, კვინტრაძეს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ კიდევ ჰქონდა კავშირი პოლიციასთან, პროკურატურასთან და ამიტომ მფარველობდნენ. მერაბიშვილის თანამშრომელმა მომაკითხა სახლში და მეუბნება: ჩვენ შენს გამო სააკაშვილიც კი შევაწუხეთო. რაში, ასეთი რა დავაშავე-მეთქი? აი, შენ ხომ ხედავ, რა შესაძლებლობები გვაქვსო? მეორე დღეს ისევ მოვიდა ეს პიროვნება, მანქანაში ჩამისვა, წინ იარაღი დამიდო და დაიწყო მუქარები. კვინტრაძე გარედან მითვლიდა, ორ-სამ კვირაში გარეთ იქნებიო. ჩემს მეუღლეს 5 ათასი დოლარი აშოვნინა, საპროცესოს გავაფორმებინებო, მაგრამ ეს ფულიც შეჭამა. ამაზე საქმეც აღიძრა, მაგრამ არანაირი პასუხი. დადიოდა და იძახდა, დათო ტყეშელაშვილი ჩემი ძმაკაცია, ახალაიებთან ერთად ვარ, მე თუ ვერ გამოვიყვან ირინას, აბა, სხვა ვინ გამოიყვანსო? შემომიგზავნეს რაღაც თანამშრომლობის ფურცელი, ხელი მოაწერეო. ტყუილად უნდა ჩამეშვა ვიღაცები და დამეჭერინებინა. ეს არ გავაკეთე.




წყარო: expressinfo.ge



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner