იოსებ ჭუმბურიძე ნოდარ ტაბიძეს:
,,როცა ძალიან მიჭირს, ვიხსენებ, როგორ წვება ზღვაში კვიპაროსის ჩრდილი" - გვეუბნებოდა ხოლმე ამა თუ იმ ცხოვრებისეული პრობლემით შეჭირვებულ შეგირდებს პროფესორი ნოდარ ტაბიძე.
ახლა ეს უებარი „წამალიც" ვერ დაგვამშვიდებს.
გუშინ მწერდა თამარ თათარაშვილი: „უკვე ვიცი, ახლოა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა... ვხვდები, როგორ გაშავთეთრდება მისით აფერადებული ჩვენი ცხოვრების პალიტრა და რუხ ფერად გარდაიქმნება ჩვენი თვალსაწიერი. ძალიან გავღარიბდებით, რადგან მეორე ნოდარ ტაბიძე აღარ დაებადება საქართველოს. უზომოდ მტკივა, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია და მააფთრებს ეს უძლურება"...
რა საოცარი წინათგრძნობაა: დღეს ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა.
რა ადვილად დავწერე ეს შემზარავი სიტყვები?!
შემრცხვა საკუთარი თავის.
მაპატიეთ, ბატონო ნოდარ...
აი, თურმე, როგორ წვება ზღვაში თვითონ კვიპაროსი..."