საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ბატონი მერაბის შემოქმედებამ დიდი ხანია გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაში. მისი ჰუმანისტური ხედვა, განსხეულებული მონუმენტურ ქანდაკებებში, ორიგინალური რაკურსით წარმოაჩენს ქართველი ადამიანის ხასიათს, ჩვენს ისტორიას და ფასეულობებს, რომელთაც იგი ეფუძნება.
ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ბატონი მერაბის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმარში.