18 სექტემბერს, წყალტუბოში ახალგაზრდული სოციალური საწარმო „ღია სივრცე" ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე - ნათია კობიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი მიმდინარე წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა 18743 ლარით დააფინანსა და იგი ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის „რეგიონული განვითარების ახალგაზრდული ფონდის" ინიციატივით და ორგანიზებით ხორციელდება. კაფეს გახსნისას გამოიფინა ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარი.
პროექტის „ღია სივრცე" (OPEN SPACE) მიზანია, წყალტუბოში შეიქმნას პირველი სოციალური კაფე ახლად დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და პროფესიონალებისთვის.
წყალტუბოში რაიმე მსგავსი, ალტერნატიული სივრცე ახალგაზრდებისთვის არ არსებობდა, ამრიგად, ეს სივრცე ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სოციალური კაფე მალე გახდება სხვადასხვა პროექტის მასპინძელი.
პროექტის განხორციელებისპირველ ეტაპზე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა შენობა, მეორე ეტაპი გულისხმობს კაფეს გახსნას, საინფორმაციო შეხვედრებისა და პრეზენტაციების ჩატარებას.
სამომავლოდ კი იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური აქტივობების ორგანიზება, კაფეს ფარგლებში შეიქმნება საინფორმაციო კუთხე, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწვდის სწავლის, მოხალისეობის და დასაქმების შესახებ ინფორმაციას.
სოციალურ კაფეში ხუთი ადამიანი დასაქმდება.