წყალტუბოს სოციალურ კაფეშიპროექტის - „ვირტუალური ტური იმერეთში" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიმდინარე წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა 25000 ლარით დააფინანსა და იგი ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის „წყალტუბოს განვითარების ფონდის" ინიციატივით და ორგანიზებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვირტუალური რეალობის ტური წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე (წყალტუბოს ცენტრალური პარკი, ცივი ტბა, პრომეთეს მღვიმე, სათაფლიას ნაკრძალი.) ტური გულისხმობს: დრონით გადაღებული 360 გრადუსიანი სადემონსტრაციო ვიდეოს პრეზენტაციას, რომელიც პროგრამულად განთავსებულია სათვალის ფორმის აქსესუარში. ამ უკანასკნელის მეშვეობით, დაინტერესებული პირები (მოსწავლე-ახალგაზრდები, ტურისტები და სხვა) ვირტუალურად იმოგზაურებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე.
ვირტუალური სათვალეების 1 სტენდი, რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების ორიგინალური ფორმით გასაცნობად ქუთაისში ტურიზმის ეროვნული ცენტრის შენობაში განთავსდება.
მოგვიანებით რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება პროექტის შესახებ საგანმანათლებლო ტრენინგი და მოეწყობა ვიდეო-პროექციის ჩვენება.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე - ნათია კობიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მეოთხე წელია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახალგაზრდების იდეებს აფინანსებს. წელს ფონდმა საქართველოს მასშტაბით 51 პროექტი დააფინანსა, მათ შორის 1 ინოვაციური პროექტია. მსგავსი პროექტის განხორციელება მომავალში საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.