19 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (კარგარეთელის 6) გაიმართება კატალოგის „სუვენირები საქართველოდან" ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია.
ელექტრონული კატალოგი 100-მდე ავტორის, 18 სახელოსნოს მიერ წარმოებულ რეწვის ნიმუშებს მოიცავს; ქართული რეწვის უნიკალურ ექსპონატებთან ერთად, საზოგადოებას ქართული პოლიფონიის, კერძოდ, ანსამბლ „რუსთავის" შესრულებით, ხალხური სიმღერების მოსმენის საშუალებაც ექნება.
პროექტის მიზანია, ქართული ტრადიციული ხელოვნების ესთეტიკური ღირებულებების, მივიწყებული დარგების შენარჩუნება-განვითარება და ტრადიციული რეწვის ოსტატების საქმიანობის ხელშეწყობა. კატალოგის ელექტრონული ფორმატი ინოვაციური ხასიათისაა და ამ დრომდე ასეთი სახით არ განხორციელებულა.
პროექტის მეშვეობით, ელექტრონულ-ინტერაქციულ ფორმატში შესაძლებელი ხდება თითოეული ნივთის, ყოველი დეტალისა და რეწვის ნიმუშთა დამზადების უნიკალური ტექნოლოგიების დათვალიერება, ასევე ქართული რეწვის სხვადასხვა სახეობის - მეთუნეობა, ნაქარგობა, ქსოვა, ტექსტილის სახეობები, მინანქარი, სამშვენ-სამკაული და სხვა ტექნოლოგიით შესრულებული უნიკალური ნიმუშების დათვალიერება.
კატალოგის „სუვენირები საქართველოდან" ელექტრონული ვერსია სამინისტროს ვებ -გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისათვის.
„სუვენირები საქართველოდან" ინტერაქციულ-ელექტრონული ვერსიის შექმნაში მონაწილეობდნენ: სსიპ სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „რუსთავი", შპს „პასპორტი" - დიზაინერები სანდრო ჩხაიძე, ეკატარინე გეგუჩაძე (კომპიტერული პროგრამის ავტორი - სილვესტერ უსინსი.)