სოფელ ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმე საკუთარ facebook-გვერდზე წერს, რომ მღვდელმსახურის რანგში ბოლო წირვას 9 ოქტომბერს ჩაატარებს.
„ძალიან გთხოვთ ყველას, არ იძიოთ ის, თუ რა ხდება, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. დავრეკე საპატრიარქოში და ვთხოვე, რომ ის საბუთები მომაწოდონ, რასაც უნდა ხელი მოვაწერო. ვიქნები დროებით მონაზვნად ქანდაში, მერე - როგორც უფალი გვიჩვენებს! მიყვარხართ ძალიან, ძალიან, ძალიან თქვენ! მასწავლეთ სიყვარული და მართლა მიყვარხართ ძალიან. მე ვმადლობ უფალს, რომ ის ჯვარი მომცა სატარებლად, რაც აქამდე ვიტვირთე. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. 9 ოქტომბერს გელით ყველას დიდი სიყვარულით. მამა სერაფიმე".
როგორც მამა სერაფიმე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც გარკვეულ მიზნებს უკვე მიაღწია, ის პენსიაზე გადის და მოღვაწეობას, როგორც ბერმონაზონი ისე გააგრძელებს. მამა სერაფიმე ასეთ მიზნებად , სოფლის მოსახლეობის ეკლესიურ ცხოვრებას და ქანდის სკოლაში ასურული ენის შეტანას მიიჩნევს:
„გილოცავთ, ჩემო ასურელებო, ნეტავ იცოდეთ, როგორ მიხარია ეს ამბავი, საოცარია და სასწაულია ნამდვილად, რადგან ეს წელი ჩვენს ისტორიში შემოვა და ჩვენი შვილები ახლა უკვე თავიანთ მშობლიურ ენას სკოლაში ისწავლიან. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. აწი ჩემი პენსიაზე გასვლის დროც მოვიდა. დღეს როცა ქანდა გახდა ასურელების ასე ვთქვათ ცენტრი, სადაც წირვა-ლოცვა ჩვენს მშობლიურ ენაზე აღევლინება და ყოველი ამ სოფლის მკვიდრი გახდა მაზიარებელი და აღმსარებელი, და ასი პროცენტი ამ მოსახლეობის მართლმადიდებელია, და ამავე სკოლაში 6 წლის ჩვენი შრომის შემდგომ და ღმერთის წყალობით აწი ასურული ენა შევიდა აუცილებელ საგნად, მე შემიძლია მშვიდად გავიდე პენსიაზე და დავრჩე ამავე მონასტერში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ავაშენეთ და როცა ვიძახი პენსიას, არავის არ ეგონოს, რომ დავისვენებ. არც ერთ პრობლემას თვალს არ ავარიდებ. ჩემო მეგობრებო, ვრჩები ქანდაში მონაზვნად და სამადლობელ წირვას და დასამშვიდობელ წირვას ჩავატარებ 9 ოქტომბერს. ამიტომ დასამშვიდობებლად ყველას გელოდებით 9 ოქტომბერს, ჩემო კარგებო. მე რაც შევძელი, ის გავაკეთე, ჩემო ასურელებო", - წერს მამა სერაფიმე.