logo_geo
eng_logo
მაკო ფურცელაძე: ჩემთვის კეთილი, თბილი და მზრუნველი - ჩემი ბატონი ნოდარი...
- +

19 სექტემბერი. 2016. 10:39



ჟურნალისტი მაკო ფურცელაძე სოციალურ ქსელში ნოდარ ტაბიძესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ყოველთვის ვგრძნობდი მის თანადგომას... როცა ჩემი ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა, პანაშვიდზე მოვიდა, გულში ჩამიკრა და ვიგრძენი, ასეთი ნოდარ ტაბიძე მხოლოდ ჩემს მეგობარს - გიორგი ტაბიძე უნახავს...

 

ძალიან ხშირად მირეკავდა, როცა გაზეთ „ალიაში" ყველაზე პოპულარული რუბრიკა უხერხული კითხვები მიმყავდა... ჩემზე ზრუნავდა... დიდი მაესტრო... შეგირდზე... მისი რეკომენდაცია დამხვდა ყველგან - როცა ოქროს ფრთით დამაჯილდოვეს, და როცა ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი გავხდი... მე კი ერთი დღე მახსენდება მრავალთა შორის... რუბრიკისთვის „ელიტური ოჯახი" ტაბიძეებს ვესტუმრე და სადარბაზოსთან ნოდარი დამხვდა. გულში ჩამიკრა, იქვე მოყვავილე ყვითელი ვარდი მომიწყვიტა და გალაკტიონის ერთ ლექსთან ერთად მაჩუქა:

 

„არ მეგონა, რომ როდისმე დასჭკნებოდა ვარდი, მე მეგონა - მაგნოლიებს ვერ დაგძლევდათ დარდი.

არ მეგონა, თუ სიბერე არის სინამდვილე, მე მეგონა - მარადისი არის სიყმაწვილე!"

 

მერე იყო საღამო, რომელიც არასდროს დამავიწყდება... გიორგი ირომაშვილი, ქალბატონი ფიქრია, ისტორიული მრგვალი მაგიდა და ჩანაწერი, რომელზეც ნოდარ ტაბიძის გულისტკივილია... ვინ და რატომ ებრძოდა, ხლართავდა ინტრიგებს, სწამებდა ცილს... რას ფიქრობდა დიდი მაესტრო მათზე, პატარა კაცებზე... მითხრა, იფიქრეო... შენ გადაწყვიტე, ოდესმე გამოაქვეყნებ თუ არაო...

 

ჰოდა, ვფიქრობ... ჯერ ძალიან მტკივა...

სხვისთვის მხოლოდ დიდი მაესტრო, ჩემთვის კეთილი, თბილი და მზრუნველი ჩემი ბატონი ნოდარი", - წერს სოციალურ ქსელში მაკო ფურცელაძე.

 

 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი ნოდარ ტაბიძე  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner