წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას მუქარა არქივიდან - 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოდან გაუჩინარებული ქარდავა 2013 წლის აპრილში ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებით იმუქრებოდა. ცნობას იმის შესახებ, რომ ძებნილ ექს-სამხედრო მაღალჩინოსანს ქვეყნიდან ნამდვილად ჰქონდა გატანილი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, თავის დროზე, ახალაიას ადვოკატმაც დაადასტურა.
მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-მასალებთან ხელი მიუწვდებოდა და არ იყო გამორიცხული, ქარდავას ეს მასალები ინტერნეტშიც გაევრცელებინა.
„მეგის ქარდავა ფიქრობს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში იხილებოდეს საქმე და მის მიმართ განაჩენი დადგეს. დამერწმუნეთ, მეგის ქარდავა ის ადამიანია, რომ თუ ამბობს, რომ კადრები აქვს, ნამდვილად ექნება ეს კადრები და ალბათ გაავრცელებს", - განაცხადა 2013 წელს მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ძვირფასო მკითხველო, ეს კომენტარი ახალაიას ადვოკატმა 2013 წელს გააკეთა, დღეს კი ბატონი ველიჯანაშვილი 2013 წელს მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას უარყოფს, ხოლო სიუჟეტში გასულ ფრაზას ჟურნალისტის არასწორ მონტაჟს აბრალებს. არადა, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს - არც მისი პროტესტი ახსოვს ქართველ საზოგადოებას - მიშველეთ, ჟურნალისტებმა ნათქვამი დამიმახინჯესო...
.