ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის ეთერში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მთავრობის 4-წლიანი მუშაობა შეაჯამა და განაცხადა, რომ ადრე თუ დიქტატურისკენ მიემართებოდა ქვეყანა, დღეს საქრთველო ევროპას დემოკრატიაში ეჯიბრება.
„რომ შევაჯამოთ მთავრობის 4-წლიანი მუშაობა. დაწყებული ჩემით, დასრულებული გიორგი კვირიკაშვილით. რა იყო მანამდე და სად ვართ დღეს. თუ რა იყო მანამდე - მე პატრიარქის შეფასებას გავიხსენებ, როცა ამბობს, რომ ჩვენ უფსკრულის პირას ვიდექით. სულ ცოტაც და ჩვენ უფსკრულში გადავიჩეხებოდით. კარგად ასახავს ეს შეფასება იმას, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის" დროს მართული ქვეყანა. პირველ ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით, მაფიოზური ქვეყნების სიაში შევდიოდით დღეს კი ევროპის ქვეყნებს ვეჯიბრებით დემოკრატიაში. ეს კონტრასტი, რომელიც დღეს არსებობს, რა იყო და რა მივიღეთ, ამის მსგავსი ღმერთმა აღარ დააჭირვოს არცერთ ხელისუფლებას. თუ ბუნებრივად განვვითარდებით და ახალ კატაკლიზმებში არ გადავიხვეწებით და ახალ სისულელეს არ ჩავიდენთ, ასეთ ეფექტს ვერცერთი ხელისუფლება, ვერცერთი მთავრობა ვეღარ მიიღებს. თუ ადრე დიქტატურისა და უფსკრულისკენ მიექანებოდა ქვეყანა, დღეს ვეჯიბრებით დემოკრატიული ინსტიტუტების ხარისხით ევროპას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების შერჩევაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.