დათა ახალაიასთვის დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა საქმიდან თვითაცილება მოითხოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი პროცესზე ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის გამოცხადება გახდა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომებს არ ესწრებოდა და სწორედ ამიტომ ახალაიას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.
საბოლოო ჯამში, პროცესზე გადაწყდა, რომ სახაზინო ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნობა და ამის შემდეგ ჩაერთვება განხილვებში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალაიას ადვოკატი არ გამოცხადდება.
რაც შეეხება საქმის განხილვას, დღევანდელ პროცესზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერაბაშვილი დაიკითხება.
საუბარია ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დათა ახალაიასთვის და გია დგებუაძესთვის, იგივე „მასტერასთვის" წარდგენილ ბრალზე.
ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმე, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი მერაბაშვილი იმ ჩვენებებზე ისაუბრებს, რომელიც კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა მაშინ გამოძიებას მისცეს, თუმცა პროკურორის განცხადებით, ეს პირები სპეცოპერაციის ადგილზე არ ყოფილან. ასევე დაგეგმილია ერთ-ერთი მოკლულის ძმის დაკითხვაც.