ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანშვილმა ახალციხეში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სულ მალე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
„ჩვენ NATO-ს წევრი გვინდა გავხდეთ, რაც, რეალობიდან გამომდინარე, დღეს ან ხვალ ვერ მოხდება. როგორც ჩანს, ამას კიდევ დრო დასჭირდება. ევროპასთან დაახლოება, დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება, გამყარება და გაძლიერებაც, გარკვეულწილად აღრმავებს ჩვენს უსაფრთხოებას. შეიძლება, NATO-ში ვერ შევიდეთ კიდევ რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ ევროპულობა და ევროპული ფასეულობების დაფუძნება ჩვენ ევროპელი მეგობრებისგან დიდი მხარდაჭერის საშუალებას გვაძლევს, და ასევე გაძლიერდება ჩვენი ძირითადი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც განუხრელად ზრუნავს, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული მიმართულებით განვითარდეს. ამ ფასეულობებს პატივს ვცემთ ყველა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერის განცხადებით, ევროპასთან დაახლოება და გაერთიანება ქვეყნის უსაფრთხოებასაც გარკვეულწილად შეუწყობს ხელს.
„თუმცა, მაინც NATO-ზე უნდა ვიზრუნოთ. როდესაც გაჩნდება საშუალება, ჩვენ მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, რომ შეგვეძლოს, NATO-ს წევრი ქვეყანა გავხდეთ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.