აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატში ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მოქალაქემ სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ ქალაქ ელიზაბეთის რკინიგზის სადგურზე, ნაგვის ურნაში საეჭვო ზურგჩანთა შენიშნა.
ადგილზე მისვლისას, პოლიციამ ზურგჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.
ერთ-ერთი ბომბი მაშინ ამოქმედდა, როდესაც გამნაღმველები მის გაუვნებელყოფას დისტანციურად ცდილობდნენ. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
NBC წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნაპოვნი ბომბები იმ ბომბების იდენტურია, რომლებიც შაბათს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე და ნიუ-ჯერსიში აფეთქდა.
17 სექტემბერს, ნიუ-იორკში და ნიუ-ჯერსიში აფეთქებების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს აფეთქების რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის ფაქტები.