„პატრიოტთა ალიანსი" აპირებს, მემურანდუმს შეუერთდეს. ყველა პარტია უნდა იყოს დაინტერესებული, არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად. ხელისუფლების შემოთავაზებულ ინიციატივას, რომ პროვოკაციები აღიკვეთოს, ჩვენც ვეთანხმებით და კიდევ ბევრი პარტია. საზოგადოებაც ნორმალურად მოისმენს, ვინ რას სთავაზობს",- ამ სიტყვებით აფასებს საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი- გაერთიანებული ოპოზიცია" წევრი აკაკი ასათიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმონ.
ასათიანმა ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო ნორმალურად მიმდინარეობს და დაძაბულობა არც არჩევნებზეა მოსალოდნელი.
„წინასაარჩევნო გარემო ნორმალურად მიმდინარეობს. ასეთი ნორმალური არჩევნები არ მახსენდება. არის ცალკეული შემთხვევები, ბევრი პარტია უჩივის ზემოქმედებას, ჩვენთან ხშირად ზეწოლას ხმარობენ, რომელიც გაუგებარია. რაღაც ინციდენტები არის, რომლის გარეშეც არჩევნები არ ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, რომელიც სამაგალითო დემოკრატიის ქვეყანაა.
მგონია, რომ პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდეც და მას შემდეგაც ეს გარემო შენარჩუნდება. არ მგონია, საზოგადოებაში ისეთი განწყობა იყოს, რომ რაიმე სერიოზული დაძაბულობა მოხდეს ქვეყანაში",- განაცხადა ასათიანმა.