განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც სწავლის დაწყება 15 სექტემბერს ვერ მოხერხდა, მოსწავლეებს გაცდენილი საათები შაბათი დღის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.
„ასეთი სკოლები არის 20, საიდანაც 13 არის ამერიკული სკოლა და სანამ შესაბამისი კომისია არ ჩაიბარებს, ამ სკოლებში სწავლა არ დაიწყება. ამერიკულმა კომისიამ ეს სკოლები უნდა ჩაიბაროს თვის ბოლოს. დანარჩენ 7 სკოლაში სხვადასხვა ვითარებაა. ზოგიერთ მათგანში დღეს უკვე დაიწყო სწავლა. ზოგიერთში კი მომავალი კვირის დასაწყისიდან დაიწყება. ყველაზე გვიანი ვადა არის ოქტომბრის პირველი რიცხვები, არც ერთი მოსწავლე არც ერთ საათს არ დაკარგავს. ეს საათები მათ აუნაზღაურდებათ შაბათი დღის ხარჯზე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.