ავტორი დიანა ლიპარტელიანი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საკრებულოს ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ლატარია და ველოსპორტის ფედერაცია 23 სექტემბერს, 17:00 საათზე, ერთობლივ აქციას გამართავენ.
როგორც ირაკლი ლატარია „რეპორტიორთან" საუბრისას განმარტავს, აქციის მონაწილეები ვაზისუბნის ქუჩებში ველოსიპედებით ივლიან და მოსახლეობამდე შესაბამის გზავნილებს, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებებით მიიტანენ.
„ნარკომანია ძალიან რთული და საშიში დაავადებაა. ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, არ დაუშვას ახალგაზრდების დამოკიდებულება ნარკოტიკებზე. მნიშვნელოვანია, ხშირად შევახსენოთ მოსახლეობას, რომ ეს არის სენი, რომელსაც ფატალური დასასრული აქვს. სწორედ ამ მიზნით დავგეგმეთ აქციაც სახელწოდებით „არა ნარკომანიას!"
აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ომარ ფხაკაძემაც. შესაბამისი თხოვნით მას პირადად მივმართე და დადებითი პასუხიც დაუყოვნებლივ მივიღე. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ნარკომანია ძალიან საშიშია და მას ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ. რაც შეეხება უკვე ნარკოდამოკიდებულ პერსონებს, სახელმწიფომ მათ განკურნებასა და რეაბილიტაციაზე უნდა იზრუნოს",- აღნიშნავს ლატარია.