ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ხელისუფლების წინააღმდეგ იყოს მიმართული. როგორც ადვოკატმა განაცხადა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი იყო 2013 წელს, თუმცა მისთვის უცნობია, როდის მოხდა გადაღება. „ეს შეიძლება იყოს 2012, ან 2011 წელი", - ამბობს ადვოკატი.
„ჩემთვის ცნობილია, რომ ეს კადრები მეხსიერების ბარათით ხელიდან ხელში გადადიოდა. უნდა თქვა, რომ როდესაც მსგავსი სახის ვიდეომასალა ვრცელდება, ისმის კითხვა, ვის რა ხელს აძლევს ამგვარი კადრების გავრცელება.
არ შემიძლია კონკრეტულად ვთქვა ვის ხელში შეიძლება მოხვედრილიყო ეს კადრები. რადგან, მე ჩემი არაერთი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ეს ვიდეოები ნანახი ჰქონდა, ესენი არიან რიგითი ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ არც პოლიტიკასთან და არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
არ გამოვრიცხავ და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გუშინდელი კადრების გავრცელება სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, რადგან მისი გავრცელება აუცილებლად ხელისუფლებას დაბრალდება.
ყველა ვარიანტში ხელისუფლება ზარალდება, რადგან კადრების გავრცელების საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაშიც, დარტყმის ქვეშ ის დადგება.
მე ვფიქრობ, რომ ამ საქმის გამოძიება თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს, რადგანაც საქმის გამოძიება 99 %-ით შეუძლებელია.
ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს, რადგან გუშინ შევხედეთ, რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას ყველაფერ ამაზე. საზოგადოების კრიტიკა კადრების გამავრცელებლებისკენ უფრო იყო მიმართული და მათ, ვისაც სხვა მიზანი ჰქონდათ, არ გაუმართლათ", - განაცხადა ადვოკატმა.