„აი, იმ საზოგადოებას რა ვუთხარი, ამ ადამიანის დაცვა რომ გახდება საჭირო?!" - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძე.
„დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს მორიგი შეხვედრა ჰქონდა მედიასთან, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთმა წამყვანმა ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების" წევრები არ იცავენ მას. ამის პასუხად, ჟურნალისტსაც და სხვებსაც მინდა ვუთხრა: პირველ რიგში, მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ვინმეს დაცვა! აი, იმ საზოგადოებას რა ვუთხარი, ამ ადამიანის დაცვა რომ გახდება საჭირო?! უმადურობის და დაუნახავობის რა ჭაობში უნდა ვიყოთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგის დადებაში მისი როლი და ფუნქცია რომ ვერ დავინახოთ?! და თუ ვხედავთ, ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ, ყველაფერი არ უნდა ვთქვათ! ყველა თანამდებობა, პოზიცია, რაც ჩემი ჩათვლით ყველა კოლეგამ თუ ყოფილმა პარტნიორებმა მიიღეს პარლამენტში, უმრავლესობის ყველა ფრაქცია, რომელიც შეიქმნა, ყველა რესურსი და შესაძლებლიბა, რაც მოგვეცა ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის, ხომ მხოლოდ 2012 წლის გამარჯვების შედეგია?! ხომ არ გვავიწყდება, რომ ამ გამარჯვების მოსაპოვებლად ხალხი ენდო და გაჰყვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, და არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს ან პარტიას კოალიციაში?! მანამდე ხომ ვნახეთ, ბევრჯერ ვნახეთ იმედგაცრუებაც, მარცხიც, ხალხის მოტყუებაც, ამიტომ დღეს, ვინც ცდილობს ივანიშვილის როლის დაკნინებას, იგნორირებას, ტალახის სროლას, პირველ რიგში, ავნებს და აზარალებს საკუთარ თავს! საზოგადოების ჯანსაღი, მადლიერი ნაწილი კი ყოველთვის სწორ შეფასებას გააკეთებს მთელ ამ აურზაურში!" - წერს მანანა კობახიძე.