მმართველი პარტიის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერი და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობენ, რომ საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა" არეულობის ინსპირირებას შეეცდება. ამ საკითხთან დაკავშირებით პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს და არ გამორიცხავს „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობის მოწყობის მცდელობას, თუმცა, თვლის, რომ მათ არაფერი გამოუვათ.
„რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი ამას ამბობს, ალბათ, საფუძველიც აქვს. საერთოდ რომ არც არაფერი ეთქვათ, ხომ ყველამ მოვისმინეთ, ოდესის გუბერნატორი რას ეუბნებოდა „რუსთავი 2"-ის დირექტორს, როგორ ასწავლიდა „დიდი მასწავლებელი" ოდესიდან თავის „შეგირდს" არეულობის დაგეგმვას. უარყო ეს ვინმემ? თქვეს, ჩვენ არ ვყოფილვართო?! ფაქტობრივად, ორივემ დაადასტურა იმ საუბრის ავთენტურობა. რა თქმა უნდა, „ნაციონალებს" არეულობის მოწყობის უსუსური მცდელობები ექნებათ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
ეს ხალხი ისტორიულმა შემთხვევითობამ მოახვედრა ხელისუფლებაში და მიიჩნიეს, რომ ეს კანონზომიერი იყო. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებაში რევოლუციური გზით არ მოსულან და ახლა, როდესაც იოანე საბანისძის ნათქვამის მსგავსად „მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი" აღდგა საქართველოში, ესენი ხელისუფლების გარეშე დარჩნენ და ამით აღშფოთებული არიან, თუმცა არეულობის მოწყობის არანაირ რესურსს, ალბათ, არ ფლობენ, გარდა ფულისა. მათ რაღაც საოცარი სინთეზი მოახდინეს სექსუალური რევოლუციისა და „შავლეგოსი" და ახლაც ვითომ ორივეს ერთდროულად ერთგულებენ. „ნაციონალებმა" ოდესის საბაჟო რუსეთთან ომის სანაცვლოდ საჩუქრად მიიღეს. ვინმეს უნახავს, რომ თავის ქვეყანაში არჩევნებში დამარცხებული, გაბითურებული და სისტემურ დანაშაულში მხილებული ხელისუფლების წარმომადგენლები წაეყვანოთ სხვა ქვეყანაში და არჩევნების გარეშე დაენიშნოთ ხელისუფლებაში?!
ეს მოხდა უკრაინაში. „ნაციონალებმა" თავიანთი ფსევდოპატრიოტული სისულელეებით შემოიყვანეს საოკუპაციო ჯარი ქვეყანაში, ამისთვის კი ჯილდოდ ოდესის საბაჟო მიიღეს. მაგათ არც აზრი მოეკითხებათ, არც ნიჭი და გონიერება აქვთ, სამაგიეროდ, აქვთ უნიადაგო ამბიცია და ერთიც, „ნაციონალურმა მოძრაობამ" უტიფრობა აქცია საკუთარ რელიგიად, თან ისე, რომ ამ უტიფრობით აღტაცებულიც კი არიან. ჩემი აზრით, ქვეყანაში სიტუაციის არევის რესურსი არც „ნაციონალებს" და არც ვინმე სხვას არა აქვს", - განაცხადა დავით მაღრაძემ.