logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველომ უკვე მიიღო თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან
- +

19 სექტემბერი. 2016. 21:32



პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ უკვე მიიღო თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შორისაა - უკრაინა, ერაყი, სირია, ეგვიპტე და სომალი.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას ქართული უნივერსიტეტები სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ.


"ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ განათლების სფეროში დახმარების მიწოდებას დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ჩათვლით, რომლებსაც აქვთ ამ ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი და სხვა საერთაშორისო უწყებები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა რეაგირება მოახდინონ მსხვერპლთა პრობლემებზე, მაგრამ სიტუაციის სიმძიმე ითხოვს კოორდინირებულ რეაგირებას, ვინაიდან დღევანდელი ვითარება უპრეცედენტოა.

 

"ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება იძულებით გადაადგილების მთავარ მიზეზებზე და უზრუნველვყოთ, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უფრო პრევენციაზე, ვიდრე რეაგირებაზე, ანუ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტების გამძაფრება და იძულებით გადაადგილების შემდგომი მოზღვავება. აქ კი მთავარი კითხვაა - საიდან დავიწყოთ? კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. თუკი ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ყველა მხარემ დაიცვას კანონები და ზედმიწევნით შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მაშინ უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსკენ მიმავალი გზა ხსნილი იქნება და ჩვენ შევძლებთ კრიზისებისა და მასობრივი იძულებით გადაადგილების პრევენციას, რაც მილიონობით ადამიანს გადაარჩენს ტრაგედიისგან. მაისში, სტამბულის მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე ჩვენ დავდეთ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მათი პრობლემების უსაფრთხო, ღირსეული და გრძელვადიანი გადაწყვეტის გზების მოძიებისა და ახალი მიდგომის გამოყენების პირობა. შინ უსაფრთხოდ დაბრუნება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტირებული უნდა იყოს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner