logo_geo
eng_logo
მერაბ ბერძენიშვილს „მუზას“ ეზოში დაკრძალავენ
- +

19 სექტემბერი. 2016. 23:31



ცნობილ ქართველ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს, რომელიც ორი დღის წინ, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისივე სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუსაზ" ეზოში დაკრძალავენ, სადაც თავადაც მოღვაწეობდა.



როგორც "სითი კვირას" ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ქართველი ხელოვანს სამოქალაქო პანაშვიდს 22 სექტემბერს, დილით, ქაშუეთის ეკლესიაში გადაუხდიან. დაკრძალვის ყველა ხარჯს თბილისის მერია გაიღებს.

საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ფერმწერი და გრაფიკოსი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მერაბ ბერძენიშვილი 1929 წლის 10 ივნისს, თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ძირითადად მონუმენტური ქანდაკების დარგში მუშაობდა.


მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: "რუსთაველი", 1956 წელი, თაბაშირი; "რუსთაველი", 1966 წელი, ბრინჯაო (მოსკოვი); "ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი", 1958 წელი, მონუმენტები: "დავით გურამიშვილი", 1965 წელი, თუჯი (თბილისი); "გიორგი სააკაძე", 1971 წელი, ბრინჯაო (კასპი); "მედეა", 1968 წელი, ბრინჯაო (ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი); "მუზა", 1971 წელი, ბრინჯაო (თბილისი); "კიდევაც დაიზრდებიან...", 1975 წელი, ბრინჯაო (მარნეული), რაშიც 1976 წელს მიიღო სსრკ სახელმწიფო პრემია; "ლაოსის მეფის მონუმენტი", 1975 წელი, ბრინჯაო (ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი).


მერაბ ბერძენიშვილის მიერ, 1958 წელს, ბრინჯაოში შესრულებულმასკულპტურულმა პორტრეტმა "ქართველი ქალი", რამდენიმე პრემია მიიღო. 1960 წელს მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი.


ბერძენიშვილს გამოქანდაკებული აქვს: ლადო ქოქიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძისა და დოდო აბაშიძის პორტრეტები, მას ეკუთვნის მეტროსადგურ "მარჯანიშვილზე" განთავსებული ქანდაკება ცნობილი რეჟისორის ქანდაკებაც.


1986 წელს შექმნა ნოდარ დუმბაძის მემორიალი, ხოლო 1991 წელს დიდგორის მემორიალი.


ფერწერასა და გრაფიკაში მისი ცნობილი ნამუშევრებია: "მამაკაცის პორტრეტი", "პარიზის ჩანახატები", "გიორგი სააკაძე".


აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს. 1978 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. 1990 წლიდან იყო საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა, მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო "XX საუკუნის მიღწევებისათვის".


1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner