„დღეს საარჩევნო გარემო აბსოლუტურად დემოკრატიულია, არ არის არანაირი მოსმენები, ზეწოლა და ამაზე საუბარიც ზედმეტია", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლალი მოროშკინამ გადაცემა 2030-ში.
"ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას, „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფო", 6 თვის წინ ჰქონდა ინიციატივა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მემორანდუმი გაფორმებულიყო, რათა კონტრაქციები არ ჩატარებულიყო და პროვოკაციები თავიდან ყოფილიყო აცილებული. სამწუხაროდ, მაშინ არავინ არ აგვყვა. დღეს „ქართული ოცნება" მემორანდუმს ვის სთავაზობს, ნაციონალებს, რომლებიც სატელიტ პარტიებთან ერთად სიტუაციის ასარევად ყველაფერს აკეთებენ?! როცა შენ შენს მენტალურ მტერს სთავაზობ, მემორანდუმზე ხელი მოგიწეროს, ეს არ გამოვა", - განაცხადა მოროშკინამ.
მისი თქმით, დესტაბილიზაციისთვის მზადება ახლა არ დაწყებულა. ეს 4 წლის წინ დაიწყო, როცა „ნაციონალური მოძრაობა" მიხვდა, რომ ეს 4 წელი დაკარგა.
"დღეს, სანდრა რულოვსი თავს უფლებას აძლევს, საარჩევნო აგიტაციას ჩაატაროს. ეს იგივეა, ევა ბრაუნი რომ გამოსულიყო და ფაშიზმი ექადაგა. სანდრა რულოვსმა ჯერ იმ პატიმართა ჭირისუფლებს უპასუხოს, ვისაც გაფატრული გვამები მიუტანეს და იმ ქალბატონებს, რომლებმაც პროკურატურაში ქალთა კოლონიაში მიმდინარე ამბები გაასაჩივრეს. ქალთა კოლონიაში, საშვილოსნოს ამოღების არანორმალურად ბევრი ოპერაცია გაკეთდა მაშინ, როცა ეს არანაირად არ იყო გეგმაში. მიკვირს, მას არჩევნებიდან რატომ არ ხსნიან, რადგან ეს ადამიანი ბრალდებული უნდა იყოს. უპასუხოს შეკითხვებს და თუ თავს გაიმართლებს, პირველი ვიქნები, ვინც ბოდიშს მოვუხდი", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა.