logo_geo
eng_logo
ალეპოსთან ჰუმანიტარული ავტოკოლონა დაბომბეს
- +

20 სექტემბერი. 2016. 10:37




სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს. სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების მტკიცებით, ავიადარტყმა სირიისა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი.



ჰუმანიტარული ავტოკოლონა გაერო-სა და  „წითელი ნახევარმთვარის" სირიული განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული, დახმარება ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში უნდა ჩაეტანათ.


გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანდა  18 მანქანა.


აშშ-მ ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის გამო აღშფოთება გამოთქვა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონმა შესაძლოა, სირიაში რუსეთთან სამომავლო თანამშრომლობას გადახედოს. ჯონ კიბრიმ მომხდარს  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევა უწოდა.


ავიადარტყმამდე დამასკომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას წყვეტს. აღნიშნულ განცხადებას ალეპოს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რაიონების დაბომბვა მოჰყვა. სირიის სამთავრობო ძალებმა სამშვიდობო შეთანხების ჩაშლის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დეირ-ეზ-ზორში სირიის ჯარზე დარტყმები განახორციელა.


ვაშინგტონში განაცხადეს, რომ დარტყმების განხორციელება ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე იგეგმებოდა. პენტაგონის მტკიცებით,  კოალიციამ ოპერაცია შეწყვიტა, როგორც კი რუსეთისგან შეიტყო, რომ დარტყმის სამიზნე სირიის ჯარი გახდა. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს. მოსკოვის მტკიცებით, 17 სექტემბრის ავიაიერიშში ეფ-16-ის ტიპის ორი გამანადგურებელი და ა-10-ის ტიპის ორი მოიერიშე მონაწილეობდა. რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 60 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა.



 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner