შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ალექსანდრ კელჩევსკის შეხვდა.
შეხვედრაზე შს მინისტრმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროს მზაობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
შს მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
გიორგი მღებრიშვილმა ალექსანდრ კელჩევსკისთან საუბრისას შსს-სა და ცესკო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე, განვიხილეთ თანამშრომლობის დეტალური გეგმები და მოსამზადებელი სამუშაოები. მინდა გითხრათ, რომ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო" ,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.