ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში 70 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელმა დავით ნოზაძემ საზეიმო ვითარებაში გაიხსნეს - ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, აღნიშნულ სოფელში ათწლეულების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობდა, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
აღსაზრდელების მშობლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ახალი ბაღის გახსნასთან დაკავშირებით. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოფელს ექნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. ეს დაეხმარება მათ პატარებს, მომზადებულები შეხვდნენ სასკოლო ასაკს.
ვაყის საბავშვო ბაღის მენეჯერმა მაია ნინიაშვილმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს აღსაზრდელებზე ზრუნვისთვის და მათთვის საუკეთესო პირობების შექმნისთვის.
პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღი აღიჭურვა ახალი ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით. მშენებლობაზე ჯამში 150 000 ლარი დაიხარჯა.