„რაღა დაგიმალოთ და, ჩემს თვალსაწიერში საერთოდ არ არსებობს სანდრა რულოვსი, არც პოლიტიკოსის, არც სხვა რამ სტატუსით", - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს. მისი თქმით, სანდრა რულოვსის არჩევნებში მონაწილეობა უტიფრობის ტოლფასია.
„ვთქვი, რომ უტიფრობა მაგათი რელიგიაა-მეთქი, ამის გამოვლინებაა სანდრა რულოვსის არჩევნებში მონაწილეობაც. ჯერ ერთი, თუ იცოდი, რომ ეს პოლიტიკური ძალა მოძალადე იყო, მისი სიით როგორ იყრი კენჭს?! ეს ხალხი ადამიანების სისტემურ წამებაშია მხილებული, მაგრამ ეს მხოლოდ სანდრა რულოვსის პრობლემა არ არის, ეს მთლიანად ამ სექტის პრობლემაა თავისი ლიდერებითა და მხარდამჭერებით.
„ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ერთ ანეკდოტს მახსენებს, როდესაც ადამიანი დედ-მამას დახოცავს, სასამართლოზე კი ითხოვს, შემიწყალეთ, ობოლი ვარო! ჩვენი ისტორია იცნობს ასეთ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან პროგრესის სახელით მოქმედი სექტანტური ჯგუფები, არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მოაქვთ სიახლე, უკეთესი მომავალი და ახლებური ცხოვრების წესი. თავის დროზე, ასე მოვიდნენ სოციალ-დემოკრატებიც და არცთუ დიდი ხნის წინ „ნაციონალებიც". ერთი რამ აერთიანებთ პროგრესის სახელით მოსარგებლეებს, მოდიან თუ არა, მაშინვე 10 მცნების რევიზიას იწყებენ.
2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლება უკვე ამაზრზენი იყო. ის, რომ ერთ ადამიანს მოესურვა და 30 წელი თავის ჭკუაზე ატარა ქვეყანა, უნდა დასრულებულიყო და თანაც ისე, რომ არ მისცემოდა დამსახურებულ პენსიაზე მშვიდად გასვლის საშუალება. ამიტომაც არ ვნანობ იმ პროცესებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რა საშინელებაც მოჰყვა ამას. რა თქმა უნდა, სანდრო გირგვლიანი რომ გამიცოცხლონ, უარს ვიტყვი ამ მონაწილეობაზე, მაგრამ ასე არ ხდება. ეს ხალხი მერე უცებ თავს დაესხა თავის სამშობლოს და მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერში. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ამას ამბობენ ხოლმე, მაგრამ მათ საქციელში არ ჩანს ეს პასუხისმგებლობა, მე კი ჩემი პოზიციით დავამტკიცე ეს და 9 წელი ქუჩაში ვიდექი. ამპარტავნებად არ ჩამითვალოთ და, არაერთი მოწვევა მქონდა სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტიდან, მაგრამ არსად წავსულვარ.
მოკლედ, ეს ხალხი ამ ათი მცნების რევიზიას რომ იწყებს, ეს ჰგონიათ სიახლე. მე კიდევ მჯერა, რომ „ახალ აღთქმაზე" უფრო ახალი არაფერი არსებობს სამყაროში, თუმცა, რა თქმა უნდა, პატივისმცემელი ვარ სხვა აღმსარებლობებისა და მათთან თანაცხოვრების კულტურა გენეტიკურ მეხსიერებაში მაქვს. ჩემი პირადი სულიერი ცხოვრებაც ტოლერანტულია ყველას მიმართ, გარდა უსამშობლოო, უჯიშ-ჯილაგო, ურწმუნო, ათი მცნების „რევიზორებისა", რომლებიც მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა დავით მაღრაძემ.