20 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა 50 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 23,4 ათასი ტონა რქაწითელი, 21,8 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 43,2 მლნ-მდე ლარი მიიღეს.
კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. განვლილ დღე-ღამეში კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი და 6 400 ტონას მიაღწია, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 18 ათასი ტონა, ყვარელი - 12 ათასი ტონა, თელავი - 10,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,4 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 808 ტონა, საგარეჯო - 544 ტონა და ახმეტა - 414 ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია, მათ შორის, 12 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:
კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახურ მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი;
საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic .