logo_geo
eng_logo
„26 მაისის ღამეს, დავით ახალაიას მიერ გაცემული ბრძანება - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია", შესრულებული იქნა „კუდ"-ის ქვედანაყოფების მიერ“
- +

20 სექტემბერი. 2016. 14:20



 

„26 მაისის ღამეს, დავით ახალაიას მიერ გაცემული  ბრძანება - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია", შესრულებული იქნა „კუდ"-ის ქვედანაყოფების მიერ. პრემიის სახით მხოლოდ „კუდ"-ის თანამშრომლებზე გაიცა დაახლოებით 900 000 ლარი. მათ შორის, პირადად ივანე მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ პრემიის სახით მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა 9000 ლარი, დავით ახალაიამ 6500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა 4135 ლარი", - ამის შესახებ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

 

„იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება. კერძოდ, რეალური ვითარების დამალვის და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით, მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 რიგითი თანამშრომელი. დასჯილი პოლიციელებიდან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის სამი თანამშრომელი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სხვა საფუძვლით, 26 მაისამდე იყო დათხოვნილი.

 

აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვისას სასამართლო პროცესებზე, ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ თავისუფლების მოედნის მხარეს სამართალდამცავებს დატოვებული ჰქონდათ ღია გასასვლელი და მომიტინგეებს შეეძლოთ ტერიტორიის თავისუფლად დატოვება. მაშინ როდესაც, წარმოდგენილი ვიდეომასალით კიდევ ერთხელ  დასტურდება, რომ თავისუფლების მოედნის მხარეც სრულად იყო გადაკეტილი კუდ-ისა და შს სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ, მომიტინგეები განზრახ მოაქციეს ალყაში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოხდა მათი მასობრივი დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ  ჩატარებული სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა არა საპროტესტო აქციის დაშლას, არამედ აქციაში მონაწილე მომიტინგეების სამაგალითო დასჯას.

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „26 მაისის საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება  დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის და ლევან ქარდავას მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჩადენილი ძალადობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ უწყებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner