„BBC"-ის ცნობით, გაერო-მ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჩერა. ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, სირიის ქალაქ ალეპოსთან გაერო-ს ჰუმანიტარული კოლონა დაიბომბა.
გაერო-ში აცხადებენ, რომ ყველა მხარე, მათ შორის რუსეთი და აშშ, წინასწარ იყო გაფრთხილებული კოლონის მარშრუტის და მისიის შესახებ.
სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრის მონაცემებით, ავიადარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰუმანიტარული კოლონის სატვირთო მანქანების მძღოლები და სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თანამშრომლები.
გაერო-ს ჰუმანიტარული ოპერაციების ხელმძღვანელის სტივენ ობრაიენის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ავიადარტყმა ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლების წინაააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება.
სტივენ ობრაიენს თქმით, საჭიროა მომხდარის გამოძიება.