logo_geo
eng_logo
დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული პოლიციელის სკანდალური ჩვენება
- +

20 სექტემბერი. 2016. 16:24


 


სამტრედიელი დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე, გარდა თავად ტრაგიკული ფაქტისა, განსაკუთრებულ მგრძნობელობას, რაღა თქმა, პოლიტიკური სეზონის გამოც იძენს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაერთგზის იყო მცდელობა, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა გატოლებოდა გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვათა საქმეებს და არსებული ხელისუფლება ყოფილთან გაიგივებულიყო, თუმცა მაშინ საკმარისი დრო იყო გაჩაღებული ცეცხლის კონკრეტული არგუმენტებით ან სხვა ხერხებით ჩასაქრობად... ამჯერად კი ეს დრო, პრაქტიკულად, არ არსებობს და, შესაბამისად, ყველა ის შეცდომა, რის გამოც პასუხი ასე მწვავედ მოეთხოვებათ პასუხისმგებელ პირებს, პროვოცირებულია განსაკუთრებული სიფრთხილით სწორედ არჩევნებთან დაკავშირებით... ამიტომაც, რამდენად ცხელი იქნება ისტორიის გაგრძელება, დამოკიდებულია სწორედაც იმაზე, რამდენად თანაზომიერად, ადეკვატურად და ამავდროულად პრინციპულად იმოქმედებს ხელისუფლება...


ამასობაში კი საქმის ირგვლივ ახალი გარემოებები ჩნდება:

 

1. ბრალდებული პოლიციელი სამართალდამცველებს ბარდება.


2. ეჭვქვეშ დგება კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა... დამოუკიდებელი ექსპერტების განმარტებით, „ბატიფეხური" ნაწერი ხშირად ძალიან ჰგავს ოჯახის წევრის, ასევე „ბატიფეხურ" ნაწერს, თევზაძის ადვოკატის მიერ ჩატარებული გამოძიებით, ნაწერი შედარდა ოჯახის თითქმის ყველა წევრის კალიგრაფიასთან, გარდა ძმის, დათო სტურუასი. ჩვენებებში ის საკუთარ ხელმოწერასაც არ აფიქსირებს და სვამს ჯვრებს იმის დასტურად, რომ თითქოს წერა არ შეუძლია. არადა, ირკვევა, რომ მას 9 წლის სასკოლო განათლება აქვს მიღებული.


3. ისტორიაში ჩნდებიან ახალი მოქმედი პირები... მათ შორის იმ მაღაზიის მეპატრონე, რომლის გაქურდვის გამოც მიეცნენ პასუხისგებაში დემურ სტურუა და მისი სამი თანამზრახველი. ამ ქალბატონის განმარტებით, დანარჩენები ემუქრებოდნენ სტურუას იმის გამო, რომ თითქოს მან დაასახელა პოლიციაში მათი გვარები.


4. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სულ სხვა რაკურსით იკითხება... დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ექსპერტიზის მასალების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ წარმოდგენილი მცირე ზომის დაზიანებები ვერ იძლევა ფიზიკური ძალის გამოყენების სურათს. ამასთანავე, სვამს კითხვას მარყუჟის ორი კვანძის წარმომავლობაზე სტურუას კისრის ორივე მხარეს. მაია ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა ჩატარდეს ქმედების მოდელირება იმისთვის, რომ გაირკვეს, შეეძლო თუ არა სტურუას ასეთი კვანძების გაკეთება საკუთარი ხელით...


„პრაიმტაიმს" გადმოსცეს ანძის მონაცემებიც, რომელიც სატელეფონო სიხშირით ადგენს, როდის, სად იმყოფებოდა გოდერძი თევზაძე 7 აგვისტოს. ამ მონაცემებს შემოთავაზებულ სტატიაში გაგაცნობთ.


მანამდე კი „პრაიმტაიმი" საკუთარ მკითხველს ექსკლუზიურ სიახლეს სთავაზობს. სწორედ ჩვენი მკითხველი იქნება პირველი, ვინც გაიგებს, რას ჰყვება პოლიციელი გოდერძი თევზაძე დემურ სტურუასთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შესახებ. როგორ აღწერს გარდაცვლილთან ბოლო შეხვედრას და საერთოდ, რას ფიქრობს მისი თვითმკვლელობის მოტივთან დაკავშირებით...


მაშ ასე, „პრაიმტაიმი" გთავაზობთ ბრალდებული პოლიციელის ჩვენებას, რომელიც საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად არის ჩადებული:


„აწ გარდაცვლილ დემურ სტურუას ვიცნობ რამდენიმე წელია. იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ დაფნარში... დემურის გარდა, ოჯახში ცხოვრობენ დედა - ნონა ჯოჯუა, რომელიც პერიოდულად საზღვარგარეთ იმყოფება, ასევე ძმა - დათო სტურუა. მათი კიდევ ერთი ძმა - ნოდარ სტურუა ასევე დაფნარში ცხოვრობდა, თუმცა, დაახლოებით ერთი თვეა დაოჯახდა და ამჟამად საცხოვრებლად წყალტუბოშია გადასული. სტურუების ოჯახთან მე საკმაოდ ხშირი შეხება მქონდა, რამდენჯერმე მათ ოჯახში გამოძახებაზეც ვარ ნამყოფი. გარდა ამისა, მე დავაკავე დემურ სტურუა ქურდობის ფაქტზე. ასევე, ქურდობის ფაქტზე მყავს დანაკავები დათო სტურუაც (სტილი დაცულია. - მ.ნ.). მე შეხება მქონდა მათ დედასთან - ნონა ჯოჯუასთანაც, რომელსაც არაერთხელ უთხოვია ჩემთვის, რომ ყურადღება მიმექცია და გამეკონტროლებინა დემურ სტურუა, რომელიც ხშირად იმყოფებოდა ტოტალიზატორში, აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და არაერთხელ წაეგო სხვადასხვა თანხა... 2016 წლის 5 ან 6 აგვისტოს, უფრო კონკრეტული თარიღის მითითება არ შემიძლია, მე სამტრედიაში შემხვდა დემურ სტურუა. მას გადაკიდებული ჰქონდა დიდი ზომის ჩანთა. ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა, რომ ჩანთით მიჰქონდა თხილი ჩასაბარებლად. მითხრა ასევე, მოგვიანებით გნახავ, შენთან საქმე მაქვს, პრობლემა მაქვს რაღაცაზე და უნდა დაგელაპარაკოო. მითხრა ასევე, რომ რამდენიმე დღის მანძილზე სოფელ კულაშში იმყოფებოდა.


7 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 17 საათის შემდეგ მე გამოვდიოდი სამტრედიის რაიონული სამმართველოს შენობიდან... პოლიციის შენობიდან გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მე კუთვნილი მობილური ტელეფონით დავუკავშირდი დემურ სტურუას, რომელმაც წინა დღეებში გამოთქვა ჩემთან დალაპარაკების სურვილი... დავურეკე დემურ სტურუას და დავინტერესდი, მოაგვარა თუ არა მან პრობლემა, რომელიც გაკვრით ახსენა ჩემთან საუბარში. იგი დაინტერესდა, თუ სად ვიყავი. მე ვუთხარი, რომ სამსახურიდან გავდიოდი. დემურ სტურუამ მითხრა, რომ ის სამტრედიის რაიონული სამმართველოს შენობასთან ახლოს იმყოფებოდა და ორიოდე წუთში მოვიდოდა, გამომდინარე აქედან, შევთანხმდით, რომ მე მას დაველოდებოდი (ანძის კვლევების მონაცემებით, ეს საუბარი გრძელდებოდა 57 წამის განმავლობაში. - მ.ნ.). რამდენიმე წუთში პოლიციის შენობასთან მოვიდა დემურ სტურუა. მე ვაპირებდი სახლში გასვლას რამდენიმე წუთით, უნდა წავსულიყავი პოლიციის პიკაპით. დემურ სტურუა ჩამიჯდა მანქანაში და ჩვენ დავიძარით ე.წ. „ქუთაისის ხიდის" მიმართულებით, რომელიც ქალაქის შემოსასვლელში მდებარეობს. მგზავრობისას დემურ სტურუამ მითხრა, რომ ის ვეღარ ჩადიოდა სოფელ საჯავახოში, ვინაიდან მას საჯავახოს მკვიდრნი ტელეფონის ქურდობას აბრალებდნენ. მე უფრო დაწვრილებით შევეკითხე დემურს, თუ რას გულისხმობდა. მან მითხრა, რომ ედავებოდნენ მოკლე პერიოდით ადრე, ავარიაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის, გიორგი ხაბეიშვილის ტელეფონის ქურდობას. მე დავინტერესდი, რეალურად ჰქონდა თუ არა მას მოპარული ეს ტელეფონი, მაგრამ მან კონკრეტული პასუხი არ გამცა, თუმცა, მისი ქცევიდან გამომდინარე, მას შესაძლოა მართლაც ჰქონოდა შეხება ტელეფონის ქურდობასთან. ამ საუბარში მივედით ხიდთან. შესაბამისად, სახლში წასასვლელად მე უნდა გადამეხვია, ხოლო დემური ამბობდა, რომ აპირებდა სოფელ დაფნარში წასვლას, ამისთვის კი იგი უნდა გადასულიყო ლიანდაგზე და გაყვებოდა ტრანსპორტს დაფნარისკენ. შესაბამისად, ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. მე მივედი სახლში, სადაც დავყავი 20 წუთი და ისევ სამსახურის მიმართულებით დავიძარი. გზაში დამხვდა დემურ სტურუა. აღმოჩნდა, რომ იგი დაფნარისკენ არ წასულა და მე მელოდებოდა. მე მას გავუჩერე მანქანა. დემურ სტურუა ჩაჯდა და გეზი ისევ სამტრედიის რაიონული სამმართველოსკენ ავიღე. გზაში დემურ სტურუამ გააგრძელა საუბარი ტელეფონის მოპარვის შესახებ და მითხრა, რომ მას მართლა ჰქონდა მოპარული გარდაცვლილი ბიჭის ტელეფონი და დალომბარდებული ჰქონდა ქუთაისში ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში. მითხრა, რომ იმავე დღეს აპირებდა სოფელ საჯავახოში ჩასვლას, დეტალების გარკვევას და აღნიშნულის შემდეგ საღამო საათებში შემეხმიანებოდა და შემხვდებოდა დაწვრილებით დასალაპარაკებლად. პოლიციის შენობასთან მე მას დავშორდი. ვიდრე დავშორდებოდი, დემურ სტურუამ მითხრა, შეიძლება ტელეფონი დამიჯდეს და თუ გამორთული იყოს საღამოს, შედარებით გვიან სახლში ვიქნები და გამომიარეო. მითხრა, ასევე შეეცადე, არავინ დაგინახოს, გვიან მოდიო. მე დავეთანხმე და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით... (ანძების მონაცემების მიხედვით, სტურუასა და თევზაძის პოლიციის შენობასთან შეხვედრიდან ისევ ამ ადგილას დაბრუნებამდე სულ 34 წუთია გასული. იგივე მონაცემებით დასტურდება, რომ თევზაძე მართლაც 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში. რაც შეეხება დარჩენილ თოთხმეტ წუთს, ადვოკატ ლედი ტუკვაძის მტკიცებით, მათ ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რითაც დასტურდება, რომ პოლიციიდან თევზაძის სახლამდე გზის გავლას საშუალოდ სწორედ დაახლოებით 7 წუთი სჭირდება. შესაბამისად სვამს კითხვას - რა პერიოდში მოხდა გზის გამრუდება იანეთისკენ, სადაც ცნობილი წერილის შინაარსის მიხედვით თევზაძეს უნდა ეცემა სტურუა? - მ.ნ.)...


ღამის საათებში მე და ჩემი თანამშრომელი დ.ქ. (საქმეში ახალი მოწმეების ვინაობას „პრაიმტაიმი" ინიციალებით შემოგთავაზებთ. - მ.ნ.) ვიყავით შემოვლაზე სამსახურებრივი პიკაპით, რომელიც სათანადოდაა გაფორმებული, აწერია პოლიცია და აღჭურვილია ციმციმებით, რომელიც სახურავზეა დამონტაჟებული... დემურ სტურუას ტელეფონი გამორთული იყო. ვინაიდან მას ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ დამელოდებოდა სახლში, მივაკითხე სახლში... მანქანა შევაჩერე სტურუების მეზობლად მდებარე სახლის ჭიშკართან. სახლის მესაკუთრის ვინაობა არ ვიცი... თუმცა შემიძლია გიჩვენოთ, რომ ის ახალი გადმოსულია დაფნარში და არის ბათუმიდან... მე ვისარგებლე მოკლე გზით, რადგან ფეხით მივდიოდი. ეზოში იყო სიბნელე და ამიტომ გზას ვინათებდი ფანრით. მე მივუახლოვდი სახლს და დავუძახე დემურ სტურუას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დავიძახე საკმაოდ ხმამაღლა, ხმა არავინ გამცა. მე მივედი სახლის კართან, დავაკაკუნე და კვლავ დავიძახე, მაგრამ პასუხი არ იყო... (მეზობელმა) მითხრა, დაახლოებით 15 დღეა არცერთი დამინახიაო... მომდევნო დღეს, 8 აგვისტოს მე მიწევდა დასვენება... შემდეგ დღეებში ჩემს მეუღლეს უნდა გაეკეთებინა ოპერაცია თბილისში და გამომდინარე აქედან მე მივმართე ჩემს ხელმძღვანელობას პატაკით და სამი დღით გავითავისუფლე თავი... მოგვიანებით მე დამიკავშირდნენ პოლიციიდან და მითხრეს, რომ სოფელ დაფნარიდან დაურეკავს ვინმე დათო ნადირაძეს და უთქვამს, რომ იყო თვითმკვლელობის შემთხვევა. აინტერესებდათ, ვინ იყო დათო ნადირაძე. მე მივასწავლე დათო ნადირაძის სახლი, თუმცა გაირკვა, რომ სხვა იყო შეტყობინების ავტორი... მალე კვლავ დამიკავშირდნენ თანამშრომლები და მითხრეს, რომ დემურ სტურუას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია...


დილას ძალიან ადრე მე დამიკავშირდა ნონა ჯოჯუა... მან მითხრა, რომ დემურ სტურუას ცხედარი სოფელ კულაშში დასვენებული ჰქონდა ამ უკანასკნელის ბიცოლას - დარიკო ჯაშს, რომელიც ცხედრის გამოტანებაზე ნონა ჯოჯუას უარს ეუბნებოდა. მან მე დახმარება მთხოვა გადმოსვენების საკითხის მოგვარებაში. მე ვუთხარი, რომ ვიყავი თბილისში და მიემართა პოლიციისთვის და აღმოუჩენდნენ დახმარებას. ვუთხარი ასევე, რომ წინასწარ გავაფრთხილებდი სამტრედიის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობას. ნონა ჯოჯუამ მითხრა, რომ როცა დავბრუნდებოდი, მას დავკავშირებოდი, რადგან ჩემთან შეხვედრა უნდოდა... როგორც ჩემთვის ცნობილია, ნონა ჯოჯუამ მიმართა შემდეგ პოლიციას, რომელთა დახმარებით დემურ სტურუას ცხედარი გადმოასვენეს სოფელ კულაშიდან სოფელ დაფნარში. ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დარიკო ჯაში გარკვეულ თანხას - 160 ლარს ითხოვდა, როგორც საყინულისა და სანთლების თანხას და მხოლოდ მითითებული თანხის გადახდის შემდეგ მისცა შესაძლებლობა დემურ სტურუას ოჯახის წევრებს, გადაესვენებინათ აწ გარდაცვლილი სოფელ დაფნარში („პრაიმტაიმი" ამ ეპიზოდის შესახებ გასულ ნომერში დარიკო ჯაშის გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით წერდა, სადაც აღნიშნული თანხა ხელნაწერით იკითხებოდა, როგორც 62 ლარი. - მ.ნ.)...


11 აგვისტოს დავბრუნდით სამტრედიაში. ვინაიდან ნონა ჯოჯუას ნათქვამი ჰქონდა, რომ უნდოდა ჩემთან შეხვედრა, მე იმავე დღეს ჩავედი სოფელ დაფნარში და იქაურ მაცხოვრებელს (ვინაობას არ ვასახელებთ. - მ.ნ.) ვთხოვე ასულიყო სტურუებთან სახლში და ეთქვა ნონასთვის, რომ დაფნარში ვიყავი და შეეძლო ჩემთან შეხვედრა... მალევე ჩემთან შესახვედრად ჩამოვიდა ნონა ჯოჯუა, რომელსაც ახლდა ახალგაზრდა ქალბატონი, როგორც შემდეგ გაირკვა, დემურ სტურუას ნახევარდა - ნათია და ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის არც სახელი ვიცი, არც ის ვიცი, როგორი ნათესავი იყო იგი დემურ სტურუასთვის... ნონა ჯოჯუამ მითხრა, რომ დემურ სტურუას დატოვებული ჰქონდა წერილი, რომელშიც მე ვყავდი მოხსენიებული და იკითხა, რატომ ვყავდი მე ნახსენები წერილში. მე დავინტერესდი, თუ რა წერილზე იყო საუბარი და მისცეს თუ არა იგი პოლიციას, რომელიც აწარმოებდა გამოძიებას. ნონამ დატოვებული წერილის შინაარსი არ გამანდო. ასევე მითხრა, რომ იგი პოლიციისთვის მიცემული არ ჰქონდა. გარდა ამისა, ნონა ჯოჯუამ მითხრა, რომ მეზობლებს დაუნახავთ, როგორ აუღია დემურ სტურუას წერილი, რომელიც მისთვის ვიღაცას ჰქონდა დატოვებული ეზოში შესასვლელ ჭიშკარზე და დაუნახავთ ისიც, რომ დემურის სახლისკენ მიმავალს, აღმართშივე დაუწყია წერილის კითხვა. ნონა სტურუამ მითხრა ასევე, რომ წერილის წაკითხვის შემდეგ დემურს დაურეკავს მისი ძმისთვის, ნოდარ სტურუასთვის და უთქვამს რომ დაუტოვეს წერილი, რომლითაც ვიღაც სთხოვდა გასულიყო „ბათუმის პერეეზდთან", რადგან მასთან საქმე ჰქონდა. მე დავინტერესდი, თუ სად იყო აღნიშნული წერილი, თუმცა პასუხი ვერც ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღე... ნონა ჯოჯუამ ასევე მითხრა, რომ გარდაცვალებამდე დემურ სტურუა იმყოფებოდა ბიცოლამისთან - დარიკო ჯაშთან სოფელ კულაშში და როგორც დარიკო ჯაშს უთქვამს, დემურის ხშირად ურეკავდა ტელეფონზე ვინმე მარიო და სთხოვდა დაფნარში ჩასვლას (თევზაძე ჩვენებაში ადასტურებს, რომ იცის, ვინ არის ადამიანი, მეტსახელად მარიო. - ავტ.)".


ჩვენების დაზუსტების დროს დასმულ კითხვაზე გოდერძი თევზაძე თავის ვარაუდს გამოთქვამს სტურუას თვითმკვლელობის მიზეზებზეც: „ვინაიდან მე მსგავსი არაფერი  ჩამიდენია დემურის მიმართ, რაზეც ის წერილში საუბრობს, შემიძლია ვივარაუდო, რომ მას ჰქონდა სხვა მიზეზი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებია, თუმცა შესაძლებელია, მიზეზი იყო სამარცხვინო და ვერ გაბედა რეალური მიზეზის დაწერა და მოიგონა, თითქოს მე ვაიძულებდი მას, გამხდარიყო პოლიციის ინფორმატორი. შესაძლებელია მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმანაც, რომ სწორედ მე დავაკავე იგი ქურდობისთვის და აღნიშნული საქციელით ფაქტიურად შური იძია ჩემზე მისი დაკავებისთვის..."


ხსენებულ ჩვენებაში არაერთხელ არის ნახსენები გარდაცვლილის დედა, ნონა ჯოჯუა. ცხადია, ჩვენს მკითხველს მასთან ინტერვიუსაც წარმოვუდგენთ. თუმცა, მანამდე ერთი დეტალი, რომლის შესახებაც თავის ჩვენებაში გოდერძი თევზაძეც საუბრობს:


ბოლო დროს უკვე არაერთხელ გაჟღერდა იმის შესახებ, რომ გარდაცვლილმა მომხდარ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე მოიპარა მიცვალებული ხაბეიშვილის ტელეფონი და ლომბარდში ჩააბარა. ამასთან დაკავშირებით, ოლეგ თავაძემ, რომელსაც ხშირად ვხედავთ ტელეეკრანებიდან დემურ სტურუას მეგობრის სტატუსით, განაცხადა, რომ მართლაც ჩააბარა დემურ სტურუამ სამი ტელეფონი, რომელთაგან ორი დედამისს, ერთი კი მის დას ეკუთვნოდა. თუმცა, საქმეში არსებული მასალები სულ სხვა ფაქტებზე მიანიშნებს. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ხაბეიშვილის მამის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილ ტელეფონის ყუთზე და ლომბარდიდან ამოღებული მიღება-ჩაბარების ოქმზე მითითებული ე.წ. იმეი კოდები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ამ ფაქტის შესახებ ჩვენ ქვემოთ შემოთავაზებულ ინტერვიუში ქალბატონ ნონასაც დავუსვით კითხვა:


თუმცა, მანამდე თანმიმდევრობით...


ნონა ჯოჯუა, დემურ სტურუას დედა:

 

- ქალბატონო ნონა, იცოდით თქვენ, რომ დემური თამაშობდა?

 

- ტყუილია ეს. ნახევარი საქართველო ტოტალიზატორში თამაშობს, რომელი ამას დიდი ფული ჰქონდა?! ისედაც სხვის სახლში ვცხოვრობთ. არც დახმარება გვაქვს რამე. ასეთი დაქცეული ადამიანი ტოტალიზატორში შევა და დიდ ფულს წააგებს?


- თევზაძე თავის ჩვენებაში კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც თქვენ მას დახმარებისთვის მიმართეთ, ვინაიდან დემურის ცხედარს არ გატანდათ მისი ბიცოლა, დარიკო ჯაში... მართლა ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი?

 

- კი, ეგ მართალია... მე იმ დროს კიდევ არ მჯეროდა, რომ ეგ ამის გამკეთებელი იყო...


- ანუ, ამ ფაქტს მართლა ჰქონდა ადგილი, რომ ჯაში არ გატანდათ შვილის ცხედარს, სანამ ფულს არ გადაუხდიდით?

 

- კი ბატონო, კი. ეს ითხოვდა 162 ლარს. 100 ლარი მაცივრის ფული იყო, 62 კი მას თვითონ დაუხარჯავს. მაცივრის ფული მე გადავიხადე და წამოვიყვანე ჩემი შვილი...


- 11 აგვისტოს მართლა შეხვდით გოდერძი თევზაძეს დაფნარში?

 

- კი, ბატონო...


- მაშინ თქვენ იცოდით დემურის წერილის შინაარსი?

 

- კი, ვიცოდი...


- რა საუბარი შედგა თქვენ შორის?

 

- მეზობელმა, ვინც ჩაგვიყვანა, გვითხრა, ზედმეტი ხმაური არ მინდა, წყნარად დაილაპარაკეთო. მაშინაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამის გამკეთებელი იყო, სანამ მტკიცებულება არ დადგა.


- ანუ, სანამ კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ არ დაადგინა, რომ გჯეროდათ, რომ თქვენი შვილის დაწერილი იყო?

 

- კი, მჯეროდა. ეს წერილი ხელში მეკავა. ჯერ გოდერძის ვაცადე ლაპარაკი. დაიწყო, შენი შვილი აშავებდაო, იპარავდაო, უკვე დასაჭერად მყავდა გამზადებულიო. რატომ არ დაიჭირე-მეთქი?


- მობილურზეც მოგიყვათ?

 

- კი, მომიყვა... მეც ვუთხარი, რა ქენი, ვერ დაიჭირე და მოკალი-მეთქი? ამ წერილში შენ რატომ გახსენებს და სხვა პოლიციელს არა-მეთქი? მითხრა, სადაც გინდა, წაიღე ეს წერილი და რაც გინდა, ის გააკეთეო.


- თქვენ რა იცით იმ მოპარული ტელეფონის შესახებ? მართლა მტრობდა ვინმე ამის გამო დემურს?

 

- არა... საწყალი ის ბოვშვი, რომ დაიღუპა, ჩემი შვილი მასთანაც და მის ძმასთანაც ძმაკაცობდა. ერთი კვირა არ მოცილებია მკვდარს, ღამეს უთევდა... ამას არ გააკეთებდა.


- საქმის მასალებში არსებობს მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ მიცვალებულისგან მოპარული ტელეფონის იმეი კოდი და დემურის მიერ ლომბარდში ჩაბარებული იმეი კოდი ერთმანეთს ემთხვევა.

 

- ამის შესახებ პირველად მესმის... არ ვიცი, არ მჯერა, დემური ამას რომ იზამდა, იმიტომ, რომ სამი ტელეფონი მაქვს მიცემული დემურისთვის ჩასაბარებლად - ორი ჩემი და ერთი ჩემი რძლის. ამ სამის გარდა კიდევ თუ ჩააბარა რამე, მე არ ვიცი...


- დამოუკიდებელი ექსპერტი საგამოძიებო ექსპერტიზის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან ყულფის ორი კვანძი გარკვეულ ეჭვებს ბადებს. თქვენ დასთანხმდებით ამ ექსპერიმენტს?

 

- მე თანახმა ვარ ამ ექსპერიმენტზე, მაგრამ არ ვენდობი არც გოდერძის ადვოკატს და არც იმ დამოუკიდებელ ექსპერტს. დავთანხმდი ამ ექსპერიმენტს გუშინ, თუ ამ ორ ადამიანს არ ექნება შეხება ამასთან.


- ეჭვქვეშ დადგა კალიგრაფიული ექსპერტიზა... მაპატიეთ, ასე რომ ვამბობ, მაგრამ უფრო გასაგები რომ იყოს - ასეთი ბატიფეხურით სხვაც წერს თქვენს ოჯახში?

 

- კი, ჩემი მეორე ბიჭი... და ჩემმა უმცროსმა ბიჭმა, დათომ საერთოდ არ იცის წერა.


- განათლება არ აქვს მიღებული?

 

- 9 კლასი აქვს დამთავრებული, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ არის გამართული. საკუთარი სახელი და გვარი შეუძლია დაწეროს...


- მაშინ რატომ არ წერს სახელს და გვარს ჩვენებებზე და ჯვრებს რატომ სვამს?

 

- უნდა დაუწერო მისი სახელი და გვარი და მერე შეძლებს გადაწერას. მაგრამ მაგასაც საზიზღარი ხელწერა აქვს... კალიგრაფია არც ერთს არ უვარგა. დათოს - საერთოდ... ვერაფერს დაწერს.


- ქალბატონო ნონა, თქვენ და იმ ქალბატონს, ვისი მაღაზიაც გაქურდეს დემურმა და მისმა მეგობრებმა ცოტა ხნით ადრე, გქონიათ მიმოწერა, სადაც იკვეთება, რომ დანარჩენები ადანაშაულებდნენ დემურს...

 

- მაგდენი არ ვიცი, მაგრამ მუქარა არ ყოფილა...


- კიდევ ერთი კითხვა, ცოტა პირადული (თუ წინააღმდეგი იქნებით, არ გამოვაქვეყნებ): არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ და დავით ნაცვლიშვილი, რომელიც თქვენი ცემის ფაქტზე ახლა ციხეშია, 10 წელია ერთად ცხოვრობთ და ადრეც ყოფილა თქვენ შორის მსგავსი ტიპის ურთიერთობა, რაზე შეტყობინებებიც ხშირად შედიოდა პოლიციაში...

 

- კი ბატონო, ასე იყო... მაგრამ ახლა მოწმედ რომ დაიბარეს, იმიტომ ამიტეხა ჩხუბი.


- ქალბატონო ნონა, ოლეგ თავაძესთან დიდი ხანია მეგობრობდა დემური?

 

- არა, არასდროს მეგობრობდა. მხოლოდ გამარჯობით იცნობდა... დემურის გარდაცვალების გამო ამოიღო ხმა. აქამდე ხმას არ იღებდა, რადგან მარტო იყო...


- ბოლო კითხვა: თქვენ ეჭვად განიხილავთ სხვა ვერსიასაც, რომ შესაძლოა მოკლეს თქვენი შვილი და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოხდა?

 

- კი, მიჩნდება ეს ეჭვები. ყველაფერი მაინტერესებს, თუმცა ვერ ვიხსენებ ვინმე მტერს, ვისაც შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა.

 

 

 

მარიამ ნადირაძე




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner