საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზაზე" პრეზენტაციაზე, განაცხადა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევნების წელიწადში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, პირველი 2 კვარტლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 811 მილიონ დოლარზე მეტი იყო და ეს არის 11%-ით მეტი, ვიდრე ანალოგიურ პერიოდში, 2015 წელს დაფიქსირდა.
„რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი - სტანდარტულ წელს ჩვენ ალბათ ძალიან გაგვიხარდებოდა ეს ამბავი, მაგრამ ჩვენ ვართ არჩევნების წელიწადში. შესაბამისად, ეს არის პირველად, როდესაც არჩევნების წელიწადში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება წინა წელთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა", -განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესმენებს იანვარი-აგვისტოს სავაჭრო ბრუნვაზეც ესაუბრა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ამ კუთხით სწორი ინფორმაცია ჰქონდეს.
„თქვენ ბიზნესმენები ბრძანდებით და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად იცოდეთ, რა სავაჭრო ბრუნვა გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აისახება ჩვენს ვალუტაზე. შესაბამისად, მოლოდინები, რომელიც თქვენ შეიძლება გქონდეთ, მინდა, რომ სწორი იყოს. მითუმეტეს, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნამდვილად იყო მინაწერი, რომ ეს ყველაფერი არის C ჰეპატიტის წამლებით და C ჰეპატიტის წამლების გარეშე. ახლა მინდა დაგიკონკრეტოთ - ჩვენი 8 თვის სავაჭრო ბრუნვა ექსპორტის ნაწილში არის 11%-ით შემცირებული, თუმცა, იმპორტის ნაწილში ასევე არის შემცირებული 4%-ით. გამოქვეყნებულ მონაცემებში იყო 23%-იანი იმპორტის ზრდა, რაც არ შეესაბამება ვაჭრობის სინამდვილეს, იმიტომ, რომ დანარჩენი C ჰეპატიტის წამლებია.
შესაბამისად, საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი. სავაჭრო ბალანსი მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობაში გაუმჯობესებული გვაქვს სადღაც 25 მლნ დოლარით, თუმცა ამასთანავე, ძალიან კარგი ტენდენცია გვქონდა აგვისტოში. თქვენ იცით, რომ ფულადი გზავნილები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხმარება საგადასახადო ბალანსის ნაწილში და ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა 25%-იანი ზრდა", -აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ტურიზმის ზრდაზეც და აღნიშნა, რომ აქაც 140 მილიონი ზრდაა.