21 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „DIVAN SUITES"-ში; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თამამაიშვილი ბერძენი სცენარისტის - ნიკოლას პანაგიტოულოსის მასტერკლასის მონაწილეებს შეხვდებიან.
მასტერკლასი ბათუმის კინოფესტივალ BIAFF 2016-ის ფარგლებშია დაგეგმილი, თემა კი „სცენარის ადაპტაცია დაბალბიუჯეტიანი ფილმებისთვის" გახლავთ. ღონისძიება ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიულ ტალღის" ფარგლებში იმართება, რომლის ძირითადი ფოკუსი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარებაა. ამაში პროდუსერებს უცხოელი და ქართველი პროფესიონალები დაეხმარებიან.
შერჩეულია 9 პროექტი და პლატფორმის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ განავითარონ პროექტები შემდეგი მიმართულებებით - სცენარი, საპრეზენტაციო მასალები, დაფინანსების სტრატეგია, წარმოების სტრატეგია, დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.
„ალტერნატიული ტალღა" ბათუმში, BIAFF 2016 - ის ფარგლებში, 21-25 სექტემბერს ტარდება. ნიკოლას პანაგიტოულოსის გარდა, ფესტივალის ფარგლებში მოწვეულნი არიან შემდეგი ექსპერტებიც: კონსტანტინე მინდია ესაძე (ოპერატორი), დიტო ცინცაძე (რეჟისორი), პიტერ რომელი (პროდიუსერი), გელა ბაბლუანი (რეჟისორი). პროექტის ავტორებთან შეხვედრებს ასევე გამართავს ლიზა ანტონოვა (პროდიუსერი), რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე (რეჟისორი, რუსეთი) და სხვ.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი18 სექტემებრს გაიხსნა და 25 სექტემბრამდე გასტანს. წელს, კინოფესტივალი მასშტაბური პროექტის „Check in Georgia"-ს ფარგლებში ტარდება.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია. ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი".
საავტორო ფილმების ბათუმის XI საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა სხვადასხვა სექციებისგან შედგება: საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები, დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა, შექსპირი კინოში, რეტროსპექტივები,„SHORT MATTERS!"-ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია და მასტერ-კლასები.
2016 წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილია დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან, ასევე მაყურებელი იხილავს 40-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმს. სტუმრები მოწვეულნი არიან ევროპიდან, აშშ-დან, პოსტსაბჭოთა სივრციდან და აზიიდან (მთლიანობაში 60-70 სტუმარი).