პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულად სცნო.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.
ასევე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.
გიორგი ლორთქიფანიძის განცხადებით, აღნიშნული ვიდეო მას ნანახი აქვს და ამის შესახებ პროკურატურამ რამდენიმე ხნის წინ უკვე დაკითხა, რის გამოც დაკითხვაზე წასვლისგან თავს იკავებს.
თემასთან დაკავშირებით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" პროკურორი ჯარჯი წიკლაური საუბრობს.
„ეს კადრები, როდესაც ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, ფიზიკურად მოპოვებული არ იყო. რაც შეეხება თავად გიორგი ლორთქიფანიძის პოზიციას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი მოუცლელობას ასახელებს მიზეზად, რის გამოც დაკითხვაზე ვერ გამოცხადდება.
როდესაც იგი მოცლილი იყო, ადვოკატების მოწვევით მისცა ჩვენება ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვისას სასამართლოში, თუმცა ეს იყო ცრუ ჩვენება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მან მოიტყუა სასამართლოში როდესაც ამტკიციბედა, რომ დააკავეს მხოლოდ კანონდამრღვევი, მოძალადე მომიტინგეები, ხოლო დანარჩენები მშვიდობიანად გააცილეს თავუსფლების მოედნისკენ.
ეს ცრუ ჩვენება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ამ ვიდეო მასალასთან."- განაცხადა პროკურორმა.