საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც „ინტერპრესნიუსთან" დაკავშირებით წერს, რომ აღნიშნულმა საინფორმაციო სააგენტომ მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-კადრებზე დაწერა, თუმცა მინისტრის აზრით, ქვეყანაში, სადაც ტოტალური უპასუხისმგებლობა სუფევს, IPN-მა მაინც მაღალი სტანდარტი აჩვენა.
„დილა თენდება კომპიუტერს გახსნი, ინტერნეტში შეხვალ და IPN-ის გვერდი გამოდის, მთავარ გვერდად გაქვს დაყენებული, ტელეფონს გახსნი და ისევ ეს ლურჯი ქუდი ჩანს. სამსახურში, სახლში ერთი და იგივე სურათი.
იმიტომ რომ სანდო, ოპერატიული, პროფესიონალების მიერ შექმნილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა. იმიტომაც რომ მათთვის გიბრძოლია, გაჭირვებაში მათ გვერდში მდგარხარ. ამიტომაც არის, რომ თუ ბრაზდები მათზე ყველაზე მეტად ბრაზდები, მათგან ყველაზე მეტს ითხოვ.
სხვისი შეიძლება ვერც კი შენიშნო, ისე გავიდეს კვირები ვერც კი გაიგო.
ახლაც ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვეს. სწორედ მათ რომ არ ეკადრებოდათ ისეთი, თორემ ჩვენში სააგენტოები და მედია საშუალებები ისეთებს წერენ და კადრულობენ, არაფერია რაც გაგაკვირვებს და გაგაოცებს.
თუმცა ქვეყანაში, სადაც ტოტალური უპასუხისმგებლობა სუფევს, IPN-მა მაღალი სტანდარტი აჩვენა. ინფორმაციის გავრცელება/გადაცემის ვალდებულების, ამ შემთხვევისთვის, სულელურ არგუმენტს არ ამოეფარა და შეცდომაში არ გაჯიუტდა. ვერც კი ვიხსენებ ასე ვინმე მოქცეულიყოს ჩვენს მედიაში.
ემოციები ჯერ ისევ ძალიან მძაფრია, სამი დღეა, ფაქტიურად არაქმედუნარიანად ვარ ქცეული, იმდენად შემზარავია რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მაგრამ სწორი შეფასების უნარი არ უნდა დავკარგოთ", - წერს მინისტრი.