მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, დაკითხვაზე გამოცხადებისთვის გამოძიებამ გონივრული ვადა მისცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
„ბუნებრივია, თუ ის ამ ვადაში, რომელიც ხვალ 18:00 საათისთვის ამოეწურება, დაკითხვაზე არ გამოცხადდება, გამოძიება სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს პიროვნება უნდა წარსდგეს გამოძიების წინაშე, წარადგენს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ამ საქმესთან დაკავშირებით და თუ ამის სურვილი არ ექნება, ბუნებრივია, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება. დანარჩენ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.
პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა ბრალდებულად ცნო.
მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ასევე, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით, გონივრული დრო მიეცა.