logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე: დღეს გავრცელებული 26 მაისის კადრები ავთენტურია
- +

20 სექტემბერი. 2016. 23:54



მთავარი პროკურორის მოადგილე, მამუკა ვასაძე არ იზიარებს ბრალდებას, რომ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება გაჭიანურდა და ამაში დამნაშავე საგამოძიებო ორგანოები არიან.


ვასაძის თქმით, ვიდეოჩანაწერი, რომელიც პროკურატურამ დღეს გაავრცელა, საქმეში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, რამაც გამოძიების დაჩქარებას ხელი შეუწყო.


"ვიდეოჩანაწერზე დანიშნული იყო ექსპერტიზა, რომელიც გამოძიებაში მიღებული იქნა 2016 წლის 16 სექტემბერს. ექსპერტიზა დანიშნული იყო მის ავთენტურობასთან დაკავშირებით; კადრებზე გამოსახული პიროვნებების დადგენის მიზნით. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზით დადგენილია კადრებზე გამოსახული პიროვნებების ვინაობა და შესაბამისად, მათ წარედგინათ ბრალდება. ესენი არიან დათა ახალაია, ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა. ჩანაწერი საქმეში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა სხვა საქმის გამოძიებისას, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა, ფიზიკურად, ეს ჩანაწერი რომ მანამდე ჰქონოდა გამოძიებას, უფრო ნაკლები დრო დასჭირდებოდა", - განაცხადა ვასაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" ჩართვისას.  


პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ.


"ვიდეოებზე, რაც ტელევიზიით გავიდა, ექსპერტიზას ჩავატარებ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის მონტაჟი. ძალიან მალე, საზოგადოებას ვაცნობებთ ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს", - აცხადებდა დათა ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია. 


შეგახსენებთ, დღეს მთავარმა პროკურატურამ პროკურატურამ 26 მაისის აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით, ახალი ფაქტები წარმოადგინა. პროკურატურამ, ყოფილი მაღალჩინოსნები: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, დათა ახალაია, მისი მოადგილე, ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან ქარდავა ბრალდებულად ცნო.


მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ასევე, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე. პროკურატურის ცნობით, მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner