ავტორი მარიამ პაიჭაძე
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, ლექტორი და ჟურნალისტი - ნოდარ ტაბიძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. პოეტი ერეკლე საღლიანი „რეპორტიორთან" საუბარში ნოდარ ტაბიძეზე საუბრობს და ახასიათებს მას, როგორც უდიდეს მემატიანეს.
„ნოდარი, ჩემი აზრით, პირველ რიგში, იყო დიდი მემატიანე. მრავალ წიგნთა შორის, რომელიც დიდ გალაკტიონზე არის შექმნილი, ნოდარ ტაბიძის წიგნი არის ერთ-ერთი საუკეთესო იმიტომ, რომ ბატონი ნოდარი იყო თანამონაწილე იმ პროცესებისა, რომელშიც ბიძამისი, გალაკტიონ ტაბიძე იყო ჩართული. სამწუხარო ის არის, რომ მიდის კაცი, რომელმაც უზარმაზარი ეპოქა შექმნა, გაზარდა უნიჭიერესი ჟურნალისტები უნიჭიერესი მწერლები და ამავე დროს, იყო უაღრესად ყურადღებიანი, მოსიყვარულე ადამიანი. ნოდარ ტაბიძესთან ურთიერთობა - ეს იყო ერთი დიდი სკოლის გავლა", - განაცხადა ერეკლე საღლიანმა.