ავტორი მარიამ პაიჭაძე
„საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის" თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია „რეპორტიორთან" ნოდარ ტაბიძის შესახებ საუბრობს. „ნოდარ ტაბიძე იყო ერთ-ერთი უბრწყინვალესი საზოგადო მოღვაწე, ბრწყინვალე პუბლიცისტი, გალაკტიონ ტაბიძის უბადლო მკვლევარი და მისი შთაგონების გამგრძელებელი", - ასე აფასებს ჰამლეტ გეგია ნოდარ ტაბიძეს.
„მინდა სამძიმარი გამოვხატო ჩვენი საზოგადოების მიმართ, განსაკუთრებით მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. ნოდარ ტაბიძე იყო ერთ-ერთი უბრწყინვალესი საზოგადო მოღვაწე, ბრწყინვალე პუბლიცისტი, გალაკტიონ ტაბიძის უბადლო მკვლევარი და მისი შთაგონების გამგრძელებელი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის, კონკრეტულად კი ეროვნული ჟურნალისტიკის განვითარებაში. მისი ღვაწლი შეუდარებელია და ვფიქრობ, განსაკუთრებით საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა უნდა დავაფასოთ მისი შემოქმედება", - განაცხადა ჰამლეტ გეგიამ „რეპორტიორთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი - ნოდარ ტაბიძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა.
ნოდარ ტაბიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.